არალეგიტიმურ პარლამენტში ე.წ პრეზიდენტის ასარჩევად ხმოსნები დილის 9 საათიდან შეიკრიბებიან. პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია მხოლოდ ერთი - მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა. კენჭისყრის პროცეს არალეგიტიმურ პარლამენტში 14:00 საათამდე გაგრძელდება. პარლამენტის შენობაში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს - ვიზიტორებს შენობაში შესვლა ეზღუდებათ.
ე.წ. არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ორმა ხმოსანმა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა თემურ მჟავიამ და ზურაბ ჯგუბურიამ.
ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოსთან საპოლიციო ძალებია მობილიზებული. ხმოსნების შენობაში კომფორტულად შესასვლელად, შსს-ს უსაფრთხოების ზომები აქვს გაძლიერებული.
ადგილზე რამდენიმე წუთის წინ მიკროავტობუსებიც გამოჩნდა, რითაც სავარაუდოდ , სწორედ ეს ხმოსნები შეიყვანეს შიგნით.
დილის 9 საათიდან საკანონმდებლო ორგანოსთან დაგეგმილია აქცია "ვაჩვენოთ დიპლომი ყაველაშვილს!". პარალელურად, მსვლელობა იმართება ფილარმონიის შენობიდან, სადაც სტუდენტები დილის 7 საათიდან შეიკრიბნენ.
როგორია პროცედურა?
პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნების ჩასატარებლად საკმარისია საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - მინიმუმ 151 წევრის დასწრება.
პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის - სულ მცირე 200 წევრის ხმაა საკმარისი.
არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.
საარჩევნო კოლეგია 300-წევრიანია. კოლეგიის შემადგენლობაში შედის: - პარლამენტის 150 წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ყველა წევრი - სულ 21 დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს 20-ვე წევრი და 109 წევრი საკრებულოებიდან.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 109 წევრიდან “ქართულ ოცნებას“ მხოლოდ 54 წევრი უნდა წარედგინა, ხოლო რვა ოპოზიციურ პარტიას, ჯამში - 55 წევრი. იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციურმა გაერთიანებებმა საარჩევნო კოლეგიაში საკრებულოებიდან წევრები არ დანიშნეს, მათთვის განსაზღვრული 55-ვე ადგილი სახელისუფლო პარტიამ შეავსო. შედეგად, ცესკოს მიერ დამტკიცებულ საარჩევნო კოლეგიაში პარტია „ქართულ ოცნებას“ 211 წევრი ჰყავს - აქედან 89 წევრი პარლამენტიდან, 13 წევრი - აჭარის უმაღლესი საბჭოდან, ხოლო 109 წევრი - საკრებულოებიდან.
საარჩევნო კოლეგიაში შედის ოპოზიციის 69 წევრი - საპარლამენტო მანდატის მქონე 61 დეპუტატი და ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს რვა ოპოზიციონერი წარმომადგენელი, თუმცა საარჩევნო კოლეგიაში მათი ყოფნა მხოლოდ ფორმალობაა, რადგან ოპოზიცია პრეცედენტის არჩევის პროცესში არ მონაწილეობს.
რაც შეეხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, საარჩევნო კოლეგიაში საბჭოში 20-ვე წევრი შედის. აფხაზეთის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები 1991 წლის შემდეგ არ ჩატარებულა და დევნილობის შემდეგ, 1994 წლიდან თბილისში ფუნქციონირებს.
არჩევნების შედეგებს ცესკო არჩევნების დასრულებისთანავე, თავის სხდომაზე შეაჯამებს, რომელიც ასევე პარლამენტის სასახლეში გაიმართება.