26 დეკემბერს, ოკუპანტების მიერ გატაცებული ერთ-ერთი პირი, გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა

გამოქვეყნდა:

26 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

მოგვიანებით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. KGB-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეების "საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება". ამავე განცხადებაში დასახელებულია გატაცებულების ვინაობაც. ესენი არიან ალექსი მამულია და ვანო ჯაფიაშვილი.

ე.წ. უშიშროების სამსახური ამტკიცებს, რომ ალექსი მამულია და ვანო ჯაფიაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე “დეზერტირის დასახმარებლად გადავიდენენ”. რეჟიმის მტკიცებით, 1999 წელს დაბადებული პირი, გვარად მამარდაშვილი სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას ცდილობდა, რაშიც მამულია ჯაფიაშვილი ეხმარებოდნენ. 

დაკავებულია მამარდაშვილიც. საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ ის რუსეთის მოქალაქეა და რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემენ. 

"23 დეკემბერს სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მოქალაქეების ჯგუფი მამარდაშვილს ცხინვალში ჩასვლაში დაეხმარა. ამის შემდეგ მისი „დროებითი საიდუმლო განთავსება ფიქციური რეგისტრაციით ქალაქის ერთ-ერთ კერძო სასტუმროში“ მოხდა. 24 დეკემბერს კი საქართველოს დე ფაქტო საზღვარზე მიიყვანეს. საზღვართან ახლოს მამარდაშვილის მოლოდინში იყვნენ საქართველოს მოქალაქეები ალექსი მამულია და ვანო ჯაფიაშვილი, რომლებიც, თავის მხრივ, საქართველოდან უკანონოდ შევიდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და იმავე მარშრუტით უკან დაბრუნებას აპირებდნენ დეზერტირ სამხედროსთან ერთად. ამ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისას, რესპუბლიკის სასაზღვრო უწყებამ მამარდაშვილი, მამულია და ჯაფიაშვილი დააკავა" ნათქვამია განცხადებაში. 

გატაცებულებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

გამოცემა "მოზაიკას" ცნობით, ალექსი მამულია გორის სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობს, ის ოტორინოლარინგოლოგია და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოპერაციის გასაკეთებლად გადავიდა.

ალექსი (ალეკო) მამულია 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა, ის აფხაზეთიდან დევნილია და 2007-2010 წლებში მსახურობდა საგურამოს სამედიცინო ბატალიონში. ამის შემდეგ, მამულია "ევექსის", ამჟამად  კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა. ჰყავს 3 მცირეწლოვანი შვილი.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი