"რიგ შემთხვევაში, ნაცემ დაკავებულებს ვიდეოს პირადად ხარება უღებდა" | როგორია მოქალაქეებზე ძალადობის სქემა?

გამოქვეყნდა:

საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას საპოლიციო ძალები მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ რამდენიმე საშუალებას ერთდროულად იყენებდა, ცრემლსადენი გაზის კვალში გახვეულ მოქალაქეებს კი განურჩევლად იჭერდნენ - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ერთობლივ მონიტორინგს უწევენ აქციების მიმდინარეობისას საპოლიციო ძალების ქმედებებს.

დღევანდელ ბრიფინგზე მესამე სექტორმა მოქალაქეებზე ძალადობის სქემაზე ისაუბრა, რომელიც 12 ეტაპიანია:

  1. აქციის ბრუტალური მეთოდებით დაშლა;
  2. დემონსტრანტების დევნა და დაჭერა;
  3. დაკავებულების ცემა სპეცრაზმელების "კორდონში";
  4. ნაცემების მოთავსება სპეციალურ ფურგონში;
  5. ფურგონში მოთავსებულების წამება და ღირსების შემლახავი მოპყრობა;
  6. სამედიცინო დახმარებაზე უარი საათების განმავლობაში;
  7. პოლიციის განყოფილებებში გადაყვანა;
  8. 48 საათიანი დაკავება იზოლატორებში;
  9. დაკავების ოქმების გაყალბება;
  10. ცრუ მოწმე პოლიციელები სასამართლოში;
  11. მოსამართლის გულგრილობა წამების ფაქტების მიმართ;
  12. დაჯარიმება ან ადმინისტრაციული პატიმრობის მისჯა;

"რიგ შემთხვევაში, გაფრთხილების შემდგომ, ხოლო რიგ შემთხვევაში, სრულიად გაუფრთხილებლად იწყებოდა რამდენიმე საშუალების გამოყენება ეს იქნებოდა წყლის ჭავლში გარეული გარკვეული ნივთიერება, წიწაკის სპრეი, მხუთავი გაზი და ა.შ. ჭავლის გამოყენების შემდეგ სპეცრაზმი ათიათასობით მშვიდობიანი მომიტინგის მისამართით ისროდა დიდი რაოდენობით მხუთავი გაზის კაფსულებს, რაც შეუძლებელს ხდიდა ხედვას, სუნთქვას, იწვევდა პანიკას, ქმნიდა ჭყლეტას და ქაოსის რეალურ საფრთხეს. 

ცრემლსადენი გაზის კვამლში გახვეული დემონსტრანტების დასაჭერად უკვე სპეცრაზმს გამოეყოფოდნენ დამრბევი რაზმები, რომლებიც იჭერდნენ განურჩევლად ყველას, ვინც ვერ ასწრებდა და ვერ ახერხებდა ტერიტორიის დატოვებას. რიგ შემთხვევაში მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც ემორჩილებოდნენ დაშლის მოწოდებას, სპეცრაზმი უწყოდა ჩასაფრებას, აქცევდა ალყაში და აკავებდა მათ," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ

მისივე თქმით, დაკავების შემდეგ მოქალაქეებს სპეცრაზმი ფიზიკურად უსწორდებოდა, ემუქრებოდა, ამცირებდა და ძარცვავდა. ნაცემი დაკავებულები საათების მანძილზე ელოდებოდნენ სამედიცინო დახმარებას, ან იზოლატორში მოთავსებას. მათ ასევე არ ეძლეოდათ საშუალება დროულად დაჰკავშირებოდნენ ადვოკატებს. 

"რაც შეეხება დაკავების შემდგომ პერიოდს. დაკავებულებს სპეცრაზმი ფიზიკურად უსწორდებოდა. შეჰყავდათ სპეცრაზმის ე.წ კორდონში, სადაც სამართალდამცავები სცემდნენ დაკავებულებს, შემდეგ ისინი გადაჰყავდათ ე.წ. მინივენებში. დაკავების სპეციალურ ავტომანქანაში შიდა სივრცე ისე იყო წინასწარ მოწყობილი, რომ დაკავებულთა ცემა გაადვილებულიყო. მინივენებში, პერიოდულად, მონაცვლეობით შედიოდნენ სპეცრაზმელთა ჯგუფები და ფიზიკურად უსწორდებოდნენ იქ მყოფ დაკავებულებს. დაკავებულთა ჩვენებებით ირკვევა, რომ მათ მიმართ ფიზიკურ ძალადობას, არაადამიანურ მოპყრობას და წამებას ზედამხედველობდა ერთი პირი, რომელიც იძლეოდა მითითებებს: სად, როგორ და რა ინტენსივობით უნდა ეცემათ დაკავებული. დაკავებულებს განსაკუთრებით გამეტებით ურტყამდნენ სახის, კეფის, თვალბუდის, ნეკნების, თირკმლის არეში.

ცემასთან ერთად სპეცრაზმელები ძარცვავდნენ დაკავებულებს, ართმევდნენ, ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, მობილურ ტელეფონს, ჩანთას, საფულეს, სათვალეს, ჯვარს და სხვა პირად ნივთებს. ცნობილია შემთხვევა, როდესაც მინივენში, სადაც დაკავებულებს სცემდნენ სპეცრაზმელებმა შეაგდეს გაზის კაფსულა და შემდეგ დახურეს კარი. ცნობილი ხდება ასევე ისეთი შემთხვევები, როდესაც გაძარცვულ და ნაცემ დაკავებულებს ასხამდნენ ცივ წყალს. ასევე ნაცემ დაკავებულებს სისხლის მოსაწმენდად აწვდიდნენ მაგალითად, წინდებს. დაკავებულებს აგინებდნენ, აყენებდნენ შეურაცხყოფას, ემუქრებოდნენ მოკვლით, გაუპატიურებით, სხეულის ნაწილების მოტეხით. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავების შემდგომ სამართალდამცავებმა ლისის ტერიტორიაზე წაიყვანეს, სადაც ადგილზე მოკვლით და დამარხვით ემუქრებოდნენ. 

ნაცემი დაკავებულებისთვის ცდილობდნენ ღირსების შელახვას უღებდნენ ფოტოებს, ვიდეოებს, რომელზეც ასახავდნენ მათი დაცინვის, დამცირების ფაქტებს და აიძულებდნენ ეთქვათ საკუთარი თავის მისამართით დამამცირებელი ფრაზები. რიგ შემთხვევაში ნაცემ დაკავებულებს ვიდეოს პირადად გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზაშვილი (ხარება) უღებდა. ფიზიკური ანგარიშსწორების და წამების შემდგომ სპეცრაზმი დაკავებულებს გადასცემდა საპატრულო პოლიციას, რომელსაც ისინი ჯერ პოლიციის სხვადასხვა სამმართველოში, ხოლო 3-4 საათის შემდგომ დაკავების იზოლატორში გადაჰყავდა. 

გადატვირთულობის გამო იზოლატორში შესახლებამდე სასტიკად ნაცემ, ტანსაცმელ-შემოხეულ, დასველებულ დაკავებულებს საშუალოდ 3 ან მეტი საათი უხდებოდათ დაკავების მანქანაში მოცდა. რიგ შემთხვევებში, ამ მდგომარეობაში დაკავებულები სხვა ქალაქების იზოლატორებში მიჰყავდათ. იზოლატორში შესახლებამდე პოლიციის მიერ შედგენილი დაკავების ოქმების აბსოლუტური უმრავლესობა არის ყალბი და არასწორი. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულებს ეტყობოდათ წამების და ფიზიკური ანგარიშსწორების კვალი მათ არ უწევდნენ დროულ, ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას და არ გადაჰყავდათ საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე არ ეძლეოდათ მათ ადვოკატთან დროულად დაკავშირების შესაძლებლობა. უმეტესად დაკავების 48 საათის ვადის გასვლის შემდგომ იზოლატორებიდან ისინი მიჰყავდათ სასამართლოებში," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი