სპეცრაზმელებმა მოქალაქეები გაძარცვეს | აქციის მონაწილეები თავიანთი Iphone-ბის ადგილმდებარეობას სამეთვალყურეო აპლიკაციით ადგენენ

გამოქვეყნდა:

მობილური ტელეფონები, საფულე, ყურსასმენები თუ ტანსაცმელი- სპეცრაზმელები დაკავებული დემონსტრანტებს პირად ნივთებს პარავდნენ. აქციის მონაწილეების მონათხრობით ირკვევა, რომ შავფორმიანები, ე.წ. სამართალდამცველები მომიტინგეების  ტელეფონებს ჯიბეში იდებდნენ და მოქალაქეების ცემას აგრძელებდნენ. სამართლებრივად, ეს ყველაფერი  ძარცვა, ან სამოხელეო დანაშაულია. პოლიციის განყოფილებებში გადაყვანილი ნაცემი დემონსტრანტები უიმედოდ ითხოვდნენ მოპარული პირადი ნივთების დაბრუნებას.  ტელეფონების განვადების საფასურს ზოგიერთი მომიტინგე ამ დრომდე იხდის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო დეტალი - დემონსტრანტების ნაწილი თავის ტელეფონს, სპეციალური სამეთვალყურეო აპლიკაციის დახმარებით ახლაც უყურებს; მათი მობილურები  ხან დიღმის ტერიტორიაზე, ხან ვაზიანის ბაზაზე , ხან კიდევ გორის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიებზე ირთვება.

„კრიპტო ბაზრის“ დირექტორს ავთანდილ კუჭავას რამდენიმე სპეცრაზმელი აქციაზე სასტიკად მხოლოდ იმიტომ გაუსწორდა, რომ მობილური არ მისცა. ტელეფონის  წასართმევად ავთანდილ კუჭავა სამმა სპეცრაზმელმა ისე სცემა, რომ გონება რამდენჯერმე დაკარგა. მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არცერთს ჰქონდა. ეცვათ შავი ფორმები და ნიღბები ეკეთათ. დაშავებული კლინიკიდან გამოწერეს, მაგრამ ამ დრომდე წოლითი რეჟიმი აქვს.  ახლა მას გომელაურის პოლიცია დაუმორჩილებლობას აქეთ ედავება.

შავფორმიანმა,  რომელმაც ბიზნესმენს ტელეფონი წაართვა აპლიკაციების გადატვირთვა და გასუფთავება ვერ მოასწრო. სწორედ ასე შეძლო ავთანდილ კუჭავამ დაედგინა ზუსტი ლოკაციები, რა მიმართულებებზე მოძრაობდა ტელეფონის ქურდი.

ტელეფონის დასაბრუნებლად კუჭავამ  პროკურატურას, საპატრულო პოლიციას, პოლიციის სამმართველოს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მყისიერად მიმართა. ყველა უწყება დუმს. 

რადგან დღეს ქვეყანაში პასუხებს სამართალდამცავი სტრუქტურებისგან ვერ მივიღებთ, ყველაფერი თავად გავარკვიეთ. ჩვენი ინფორმაციით, 16 დეკემბერს მაღაზიაში იგივე მოდელით, 128 გეგაბაიტიანი ლურჯი Iphone 13-ით უცნობი პირი შევიდა და „აიქლაუდის“ მოხსნა მოითხოვა.

როგორ დააყაჩაღა სპეცრაზმელმა - მსგავსი ისტორია აქვს 20 წლის სტუდენტს, ლაზარე მაღლაკელიძეს. ის რომში კომპიუტერულ მეცნიერებებსა და ხელოვნურ ინტელექტს სწავლობს. საქართველოში ევროპული მომავლის დასაცავად ჩამოვიდა და არცერთი აქცია არ გამოუტოვებია. რეჟიმის სისასტიკე საკუთარ თავზე ყველაზე კარგად 2 დეკემბერს გამოსცადა.

ლაზარე გვიყვება, რომ ძარცვის შემდეგ რობოკოპებმა დაკავების მანქანაში შეაგდეს, სადაც ფიზიკურად უმოწყალოდ გაუსწორდნენ.

მოსამართლემ ლაზარე სასამართლო დარბაზიდან ყოველგვარი სასჯელის გარეშე გაათავისუფლა. თუმცა არცერთი ნივთი, რომელიც დაკავებისას თან ჰქონდა უკან არ დაუბრუნებია. დაკავების ოქმში სამართალდამცველებმა ჩაწერეს, რომ მას არცერთი ნივთი არ ჰქონდა. მისი ტელეფონის ბოლო აქტივობა აჩვენებს, რომ ხარებას რომელიღაც რობოკოპი მობილურში ჩამოწერილი თამაშებით ერთობა.

სასტიკი ცემა, ძარცვა და გაუპატიურების მუქარა - ამ ტაქტიკით იმუშავა ხარებას რაზმმა აქციებზე. უფლებადამცველ გია ჯვაეშეიშვილს სპეცრაზმელები ფეხსაცმლის ლანჩებით გაუსწორდნენ. სწორედ ამაზე საუბრობდა აქტივისტი საკუთარ პროცესზე, როდესაც  მოსამართლემ სიტყვა შეაწყვეტინა და მოუწოდა დაკავების ეპიზოდზე საერთოდ არ ესაუბრა. ლელა ცაგარეიშვილმა რეჟიმის სისასტიკის მოსმენა საჭიროდ არ მიაჩნიათ. 

აქტივისტი იმასაც იხსენებს, როგორ გაძარცვეს სპეცრაზმელებმა. აპლიკაციის მიხედვით მისი ტელეფონი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კახეთის გზატკეცილზე მდებარე ბაზაზეა. თუმცა სასამართლოდან გათავისუფლების შემდეგ ეს ნივთები უფლებადამცველისთვის არავის დაუბრუნებია.

"ჩემი ტელეფონის დანახვაზე სპეცრაზმელს თვალები აენთო" - ასე იხსენებს 21 წლის გიორგი ბრეგვაძე საკუთარ ისტორიას. სტუდენტს 7 დეკემბრის ღამით, პარლამენტთან აქციაზე,  ოთხმა სპეცრაზმელმა სცემა. მას ჯერ ხელბორკილი დაადეს, ცემის დროს კი, ერთ-ერთმა, ჩხრეკისას ტელეფონი ამოუღო.

გიორგი ბრეგვაძე გვიყვება, რომ განვადებით ნაყიდი Iphone 15 pro max აპლიკაციით ვაზიანის ტერიტორიაზე გამოჩნდა.

აქციაზე დევნის დროს სპეცრაზმელმა მობილური ტელეფონი წაართვა სალომე ზანდუკელსაც. მას წართმეული ტელეფონი არც მოუკითხავს, რადგან იმედი არ აქვს, რომ ვინმე უკან დაუბრუნებს.

ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი