ძალადობა, ფიზიკური ანგარიშსწორება, უკანონო დაკავებები და შეკრებისა და გამოხატვის უფლების უხეში დარღვევა - ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" საგანგაშო დასკვნას აქვეყნებს. კვლევის ავტორებმა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, 1-ელ ნოემბრამდე პერიოდში გამართული შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგი ჩაატარეს, რომლის შემაჯამებელი ანგარიშიც კრიტიკულია.
ადამიანის უფლებათა ცენტრში აქცენტს აკეთებენ იმაზეც, რომ მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა მონიტორინგის პერიოდის შემდეგ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 წლის იანვრიდან 2024 წლის დეკემბრამდე პერიოდში, ადამიანის უფლებათა ცენტრი დააკვირდა 15 აქციას, მათ შორის 8 გაიმართა რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის მიზნით.
"მონიტორინგის ქვეშ არსებული აქციებიდან მხოლოდ რამდენიმესთან მიმართებით გამოვლინდა დადებითი ტენდენცია შეკრების ორგანიზატორებთან და მონაწილეებთან პოლიციის თანამშრომლობის კონტექსტში - რაც ძირითადად მცირემასშტაბიანი აქციების დროს შეინიშნებოდა.
რაც შეეხება რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს - ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, ხელისუფლების ორგანოებმა არათუ ვერ უზრუნველყვეს მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვა, არამედ პირდაპირ და უხეშად ჩაერივნენ ამ უფლებით დაცულ სფეროში და არაერთ შემთხვევაში გამოიყენეს არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი შეკრების დასაშლელად. 2024 წლის აპრილისა და მაისის თვეებში გამოვლენილ მრავალ სერიოზულ უფლებადარღვევთა შორის იყო:
1. მშვიდობიანი პროტესტის დაშლა არაპროპორციული ძალის გამოყენებით; ლეგიტიმური მიზნის, კანონით განსაზღვრული საფუძვლის გარეშე;
2. მშვიდობიანი შეკრების დაშლისას სპეციალური საშუალებების გამოყენება კანონით განსაზღვრული საფუძვლების გარეშე და ეროვნულ კანონმდებლობაში გაწერილი რეგულაციების დარღვევით;
3. საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ დაკავების პროცესში ანდა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანამდე განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები;
4. საპროტესტო აქციების მონაწილეთა უკანონო დაკავება, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა საპროცესო უფლებების დარღვევა;
5. ადმინისტრაციული დაკავების შემდეგ აქციების მონაწილეთათვის ადმინისტრაციული სახდელების დაკისრება მტკიცებულებათა სათანადოდ გამოკვლევის გარეშე;
6. აქციების ფასილიტაციის პროცესში არაიდენტიფიცირებული პოლიციელების მონაწილეობა და აქციებზე არაპროპორციული რაოდენობით პოლიციელების მობილიზება;
7. აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული უკანონო თვალთვალი, მათ შორის - ფოტო–ვიდეო გადაღება.
ერთი მხრივ, საქართველოს კანონმდებლობა ნათლად ადგენს შეკრების თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებს და ასევე - არეგულირებს შსს-ს თანამშრომლების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების წესს. თუმცა, თითოეული ის უფლებადარღვევა, რომელიც ანგარიშშია ასახული, პირდაპირ არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციას და ეროვნულ კანონმდებლობას, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს. კერძოდ, რუსული კანონის წინააღმდეგ
გამართული საპროტესტო აქციების დროს, არ არსებობდა არც მათი შეწყვეტის ანდა დაშლის და არც სპეციალური საშუალებების გამოსაყენებლად კანონით განსაზღვრული საფუძვლები. შესაბამისად, აუცილებელია სახელმწიფო ორგანოები დაემორჩილონ კანონმდებლობის მოთხოვნებს და ასევე - გამოიძიონ საჯარო მოხელეების ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც შესაძლოა უფლებადარღვევას წარმოადგენდეს." - ნათქვამია ანგარიშში.
აქციების მონიტორინგის მიგნებებზე დაყრდნობით, ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეიმუშავა შემდეგი რეკომენდაციები სახელმწიფო ორგანოებისადმი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
- პატივი სცეს შეკრების თავისუფლებას და არ დაუშვას საპროტესტო აქციების დაშლა ლეგიტიმური მიზნისა და კანონით განსაზღვრული საფუძვლის გარეშე;
- არ დაუშვას სპეციალური საშუალებების გამოყენება არაპროპორციულად, კანონის მიერ განსაზღვრული საფუძვლისა და ლეგიტიმური მიზნის გარეშე და დაიცვას სპეციალური საშუალებების გამოყენების წესები;
- აქციის ფასილიტაციის პროცესში ჩართოს მხოლოდ შესაბამისი კომპეტენციის მქონე დანაყოფები და აქციის ფასილიტაციისთვის გადამზადებული კადრები;
- დაემორჩილოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის უნივერსალურ აკრძალვას აქციის ფასილიტაციის პროცესში, აქციის მონაწილეთა დაკავებისა და დაკავების შემდგომ პერიოდში;
- აღმოფხვრას აქციის მონაწილეთა მიმართ ფიზიკური ძალადობა დაკავების პროცესში და დაკავების შემდგომ;
- არ დაუშვას აქციის მონაწილეთა მიმართ „დევნის ოპერაციები“, მათი ფიზიკური ანგარიშსწორებისა და დათრგუნვის მიზნით, რაც იქონიებს მსუსხავ ეფექტს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე;
- ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების დროს რეაგირება მოახდინოს ცალკეულ პრობლემურ შემთხვევებზე და არ დაუშვას აქციის სრულად ძალადობრივად/არაკანონიერად გამოცხადება მისი შემდგომი შეწყვეტის/დაშლის მიზნით;
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
- უზრუნველყოს შეკრებების და მანიფესტაციების მონაწილეთა მიმართ ძალის გადამეტების სავარაუდო შემთხვევების დროული, სრულყოფილი და ობიექტური
- უზრუნველყოს შსს-ს თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების დროული, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება;
- მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერიოდულად, პროაქტიულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.