საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემა - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

საქმე ეხება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გარკვეულ მონაკვეთს.

შოთაძის უწყება  ამბობს, რომ სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიამ შეთანხმება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ გააფორმა, თუმცა განცხადებაში არ არის დაკონკრეტებულ რომელ პერიოდზეა საუბარი.

გამოძიების საფუძვლად კი პროკურატურა თავდაცვის სამინისტროდან,  2020 წლის 17 აგვისტოს მიღებულ ინფორმაციას ასახელებს.

განცხადებიდან ირკვევა, რომ გამოძიებამ უკვე დაკითხა ათეულობით პირი, თუმცა ვინ - ესეც უცნობია. სამაგიეროდ ცნობილია, რომ გამოძიებაში ექსპერტებთან ერთად, მეცნიერები და გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის წამყვანი სპეციალისტებიც მონაწილეობენ.

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

მოცემული ეტაპისთვის გამოძიება, სხვა საკითხებთან ერთად, სწავლობს საქართველო-აზერბაიჯანის  სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე საქართველოს სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერებას. 

საგამოძიებო უწყების მიერ მიმდინარე წლის 9 სექტემბერს,   ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულ იქნა კარტოგრაფიული ექსპერტიზა, რომელშიც მოქმედ ექსპერტებთან ერთად ჩართული არიან აკადემიური სფეროს წარმომადგენელი მეცნიერები და გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის წამყვანი სპეციალისტები. სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა ათეულობით პირი.

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების შედეგების თაობაზე- ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი