"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია იპოდრომზე, ცენტრალური პარკის ნაცვლად, 6 ცათამბჯენს აშენებას ეხმაურება.
როგორც მელია წერს, "ოცნების" ბიზნესმენებს, შავი ფულის ხარჯზე, საბანკო სისტემიდან გათიშვის დაბალანსების იმედი აქვთ და სანქციებ ამიტომაც არ ერიდებიან.
"იპოდრომზე, ცენტრალური პარკის ნაცვლად 6 ცათამბჯენს აშენებენ. არქიტექტურის სამსახურში 2024 წლის 31 დეკემბერს შეიტანეს მოთხოვნა მშენებლობის ნებართვაზე. ამ ორომტრიალში, ქვეყნის მომავალზე ფიქრში, დარდსა და ყოველდღიურ ბრძოლაში ეს ამბავი შეიძლება ბევრს გამოგვრჩა - სოსო ფხაკაძის ოჯახი და მას ამოფარებული კალაძე, ქალაქში ყველაზე მსხვილ დეველოპერებად გადაიქცნენ და იმ ადგილას, სადაც ქალაქს ცენტრალურ პარკს დაჰპირდნენ, ცათამბჯენების აშენება გადაწყვიტეს და ნებართვის გაცემის პროცედურაც დაიწყეს. რეჟიმის ძალოვან და იდეოლოგიურ საყრდენებზე არანაკლებ ბოროტებას სჩადიან დღეს რეჟიმის "საფულედ" ქცეული ე.წ. ბიზნესმენები, სინამდვილეში კი ცეხავიკები. აბა, რომელი ბაზარზე ორიენტირებული ბიზნესისთვის შეიძლება იყოს სანქციის პერსპექტივა მისაღები, მხოლოდ მათთვის, ვინც შავ ფულზეა და საბანკო სისტემიდან გათიშვის დაბალანსების იმედი აქვს. მაგრამ, არის დიდი მაგრამ... დიდი დღე არ უწერია არც მათ "ფინანსურ წარმატებას", არც მათ "ევროპულ ცხოვრებასა" და ევროპაში გატარებულ არდადეგებს და არც მათ ამ ქალაქში პარპაშს! ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო და მის აღსასრულებლად ძალიან აქტიურად და ძალიან თანმიმდევრულად იბრძვის. არც რუსთაველის რეაბილიტაცია უშველის კალაძეს. რუსთაველზე ხალხმა მართლა დაგეგმა ქვეყნის რეაბილიტაცია და დაიწყო აღსრულება, უბრალოდ რაც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება - შეიცვლება ახლით. ეს სისტემა რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, დემონტაჟი დაწყებულია..." - წერს ნიკა მელია.