პოლიცია ამ დრომდე ეძებს სავარაუდო დამნაშავეებს რომლებსაც უცხოელ ცოლ-ქმარზე თავდასხმა ბრალდებათ. თავდასხმა ტურისტებზე მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან მოხდა. ვრცელდება ვერსია, რომ შეიარაღებულმა ნიღბიანებმა ქალზე სექსუალური ძალადობა სცადეს, რა დროსაც მამაკაცმა წინააღმდეგობა გაუწია და შესთავაზა, რომ წაეღოთ ყველაფერი რაც ჰქონდათ. თავდამსხმელები მას დაუპირისპირდნენ და ესროლეს. კაცი სავარაუდოდ მოკლულია. მას შემდეგ რაც თავდამსხმელებმა მას ჭრილობები მიაყენეს, მანქანით გაიტაცეს, ქალი კი ადგილზე დატოვეს. შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 4 კილომეტრში ნაპოვნია მანქანაც.
ქალმა პოლიციას ჩვენება უკვე მისცა და დიდი ალბათობით თავდამსხმელებიც ამოიცნო, შესაბამისად პოლიციისთვის მათი ვინაობა ცნობილია. არსებული ინფორმაციით, ისინი ნაკრას მცხოვრებლები არიან და მათ სახლებში უკვე ჩატარდა ჩხრეკაც.
შსს-ს გამოძიება იარაღის უკანონო ტარებისა და ყაჩაღობის მუხლებით აქვს დაწყებული. სამძებრო სამუშაოები მესტიაში ამ დრომდე მიმდინარეობს.
ავტორი: ემა გოგოხია