"უკანონოდ დატყვევებულ ბიჭებთან აუცილებლად იდგება ხალხი, ყოველ ჯერზე ესე იქნება...ეს სისტემა დასანგრევია" | ანდრო ჭიჭინაძის დედა

გამოქვეყნდა:

"ეს სისტემა დასანგრევია... ერთადერთი მოლოდინი მაქვს, რომ რაღაც ადამიანური იქნებ შერჩა თვითონ მოსამართლეს," - ამის შესახებ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას უკანონოდ დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ განაცხადა. 

"უკანონოდ დატყვევებულ ბიჭებთან აუცილებლად იდგება ხალხი იმიტომ, რომ ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა და ამას უნდა შეეგუონ, რომ ეს ყოველ ჯერზე ესე იქნება. 

ეს სისტემა დასანგრევია და ამის ფონზე დიდი მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ერთადერთი მაქვს, რომ რაღაც ადამიანური იქნებ შერჩა თვითონ მოსამართლეს, რომელიც წაიყვანს ამ საქმეს და იქნებ ერთპიროვნულად, თვითონ, თავისით, ადამიანობით, სინდისით გაბედოს და სასიკეთოდ დაამთავროს ხვალინდელი დღე. 

მჯერა, ცოტათი მაინც, რომ ადამიანს შეუძლია სიკეთე გააკეთოს. თუ არა და მაშინ მანქანაა უბრალოდ და ემორჩილება ამ მახინჯ სისტემას," - ამბობს ლიკა გუნცაძე. 

ხვალ, 10:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი განიხილება. 

პროკურატურა მათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი