სასამართლო ცდილობს ანდრო ჭიჭინაძის პროცესი ჩაატაროს პატარა დარბაზში, სადაც ჯერჯერობით ადვოკატებიც ვერ ვეტევით - წერს სოციალურ ქსელში ჭიჭინაძის ადვოკატი.
თორნიკე მიგინეიშვილის ცნობით, რამდენიმე წუთის წინ, ადვოკატებს მაგიდა დაუმატეს.
არსებული ინფორმაციით, პროცესზე დასწრების უფლებას მხოლოდ ოჯახის წევრების ნაწილს აძლევენ, რის გამოც საქალაქოს დერეფანში ხმაურია. დაკავებულების ახლობლები სასამართლო დარბაზის შეცვლას ითხოვენ იმისთვის, რომ პროცესზე დასწრება მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა შეძლოს. საქალაქო სასამართლოში ხალხმრავლობაა.
რაც შეეხება საქმის განხილვას, პროცესის დაწყებამდე გაკეთებულ კომენტარში ადვოკატმა აღნიშნა, რომ
პროკურატურას სავარაუდოდ ექნება შუამდგომლობა, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით დარჩეს ისევ პატიმრობა, რაც სრულიად აბსურდული მოთხოვნა იქნება.
მისი თქმით, უკვე თვეზე მეტია გასული და პროკურატურას არც ერთი საგამოძიებო მოქმედება არ აქვს ჩატარებული და საქმეშიც არც ერთი მტკიცებულება არ დევს, რომელიც ჭიჭინაძის ბრალეულობას დაამტკიცებდა, ან რაიმე ეჭვს მაინც გააჩენდა:
"რა თქმა უნდა, ჩვენ ვაყენებთ ერთადერთ მოთხოვნას, რომ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს ანდრო ჭიჭინაძე, ვინაიდან არ არის არანაირი საფუძველი იმისა, რომ პატიმრობა გაგრძელდეს. თუმცა, სავარაუდოდ, შევთავაზებთ სასამართლოს, რომ გირაოსაც. თავად განსაზღვროს ოდენობაც და თუ ჩვენი პირველი მოთხოვნა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს დარბაზიდან აღკვეთის გარეშე არ დაკმაყოფილდება, შემდეგ უკვე იმსჯელოს გირაოს ნაწილზეც." განუცხადა ჟურნალისტებს თორნიკე მიგინეიშვილმა.
შეგახსენებთ, საქალაქოში დღეს 11 პირის, მათ შორის, ანდრო ჭიჭინაძისა და ონისე ცხადაძის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებენ. პროცესი 10:30-ზეა ჩანიშნული. სასამართლოში რეჟიმის პატიმრების ახლობლები იკრიბებიან.