იურისტისა და პოლიტიკოსის ეკა ბესელიას განცხადებით, მათი იურისტების ჯგუფი ახორციელებს საპროტესტო აქციის დროს დაკავებული პირების როგორც სამართლებრივ დაცვას, ასევე პროცესის მონიტორინგსაც. როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ისინი გეგმავენ გამოიყენონ სამართლებრივი ბრძოლის ყველა გზა, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოც.
"ჩვენი იურისტების ჯგუფი იცავს ანდრო ჭიჭინაძეს. მონიტორინგსაც ვახორციელებთ პროცესის სხვა დაკავებული უდანაშაულო ადამიანების, ეს არის აშკარად გამოხატული პოლიტიკური საქმე, არც ერთი მტკიცებულება არაა რატომ არიან ასეთი მძიმე ბრალდებით დაპატიმრებული. სამართლებრივი ბრძოლის ყველა გზა იქნება ჩვენი მხრიდან გავლილი იმისთვის, რომ ეს დავა, თუ აქ არ დასრულდება, საერთაშორისო სასამართლოში გადაინაცვლებს. "- განაცხადა ეკა ბესელიამ.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო პროევროპული აქციების დროს დაკავებული პირების ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი სივაკოვისა და ირაკლი ქერაშვილის აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე მსჯელობს.