თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს განიხილავს.
დღეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს დატოვებს თუ არა პატიმრობაში პროევროპული აქციების დროს დაკავებულ 8 პირს, რომალთა შორისაა ვეფხია კასრაძე, ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი. ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
სასამართლო სხდომა 10:00 საათზეა დანიშნული. სასამართლოს შენობაში დაკავებულების ოჯახის წევრები, მეგობრები და გულშემატკივარი მოქალაქეები შეიკრიბნენ.
გუშინ ოლიგარქის სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ ასევე პროევროპული აქციების დროს დაკავებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიებად კვლავ პატიმრობა განუსაზღვრა.
შეგახსენებთ, რეჟიმის ტყვეები ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აქციების მიმდინარეობისას დააკავეს. რეჟიმის პროკურატურა მათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.