საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული ვეფხია კასრაძის ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატის არგუმენტი იყო ის რომ მოსამართლის გადაწყვეტილება კასრაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პირველ შემთხვევაში იყო დაუსაბუთებელი, რაც ქმნის ეჭვს, რომ მოსამართლე არ არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი და რომ ის დღესაც ვერ მიიღებს მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას.
მოსამართლესთან დაკავშირებით დაყენებული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს განიხილავს.
დღეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს დატოვებს თუ არა პატიმრობაში პროევროპული აქციების დროს დაკავებულ 8 პირს, რომალთა შორისაა ვეფხია კასრაძე, ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი.
დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.