მოვუწოდებთ მოსამართლეს დაუსაბუთებელი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლოს ბრალდებულები, - ამის შესახებ განცხადებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
"დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განიხილავს, ხოლო პროკურორები გიორგი მუკბანიანი და ვაჟა თოდუა არიან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აკვირდება პროცესს, რომელიც მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით მიმდინარეობს. მიუხედავად ამ საქმის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესისა და იმისა, რომ წინასწარ იყო განჭვრეტადი სხდომაზე დამსწრე მსურველთა დიდი რაოდენობა, სხდომა მაინც მცირე დარბაზში ჩაინიშნა.
ადვოკატები ითხოვდნენ დარბაზის შეცვლას, რადგან დარბაზში შესვლას ვერ ახერხებდნენ ბრალდებულის ოჯახის წევრებიც კი. გარდა ამისა, უჟანგბადობის გამო შეუძლოდ გახდა ბრალდებული ირაკლი მიმინოშვილი და პროცესზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი დარბაზი თავისუფალია. პროკურორებიც ხედავდნენ სხდომის გადატანის საჭიროებას, თუმცა თავდაპირველად შუამდგომლობის დაკმაყოფილებას არ დაეთანხმნენ, ხოლო მოგვიანებით პოზიცია აღარ დაუფიქსირებიათ", - წერს საია.
საია გამოეხმაურა, ამ წუთებში შეჩერებულ სასამართლო სხდომასაც, რომელიც ბრალდებულებმა და მათმა ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
"ამ წუთებში სხდომა შეჩერებულია, რადგან ადვოკატებმა და ბრალდებულებმა არაადამიანური პირობების გამო სხდომა დატოვეს და აცხადებენ, რომ მზად არიან პროცესში მონაწილეობა გააგრძელონ დარბაზის ცვლილების შემდეგ. სასამართლო ელოდება სავალდებულო დაცვის ადვოკატებს, რომლებმაც უნდა ჩაანაცვლონ კერძო ადვოკატები, რათა სხდომა გაგრძელდეს (კანონის თანახმად, ბრალდებულებიდან ხუთს ადვოკატის არყოლის შემთხვევაში, სავალდებულო ადვოკატი უნდა დაენიშნოს). აშკარაა, რომ ამ და სხვა პროცესუალური ნორმების დარღვევა მიზნად ისახავს დაკავებული პირების სამაგალითოდ დასჯას და ამ მიზნის მიღწევა ხდება კანონის სრული იგნორირებით.
მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ და მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს შეწყვიტოს დაკავებული პირების ფუნდამენტური უფლებების დარღვევა და დაუსაბუთებელი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლოს ბრალდებულები: ვეფხია კასრაძე, ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ამ და სხვა საქმეებზე ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს", - წერს საია.