გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში უკვე თვეზე მეტია კომენდანტის საათი მოქმედებს. მამაკაცებს 6 საათის შემდეგ ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ. სოფელი ორად არის გაყოფილი და ახალგაზრდები დაპირისპირებულები არიან. სოფლის ორად გაყოფის მიზეზი 24 ნოემბრის ორმაგი მკვლელობაა. თანასოფლელებმა კრიმინალური გარჩევის დროს ერთმანეთი ჩაცხრილეს. რის შემდეგაც კარდენახში უმართავი პროცესები დაიწყო. ამ დროისთვის საქმესთან დაკავშირებული 3 პირია დაკავებული. ადგილობრივები ყვებიან, რომ აღიარებითი ჩვენებისთვის პოლიცია მათ ფიზიკურად უსწორდება.
მოკლული გიორგი ჭანყოშვილის დედა პოლიციას გულგრილობაში ადანაშაულებს და იმ დაპირისპირების დეტალებს იხსენებს, რომელიც სოფელ კარდენახში მკვლელობამდე 3 თვით ადრე დაიწყო.
ნინო ბერუაშვილის თქმით, მისი შვილი თავს ხელოსნობით ირჩენდა. ძველ ავტომობილებს შლიდა და ყიდდა. კონფლიქტი თანასოფლელებთან კი მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ერთ-ერთი ავტომობილის ვალი მოითხოვა. მისი ვალი თანასოფლელ ძმებს, გვარად ტურიაშვილებს ჰქონდათ. ძმები ტურიაშვილები ვალის მოთხოვნამ გააღიზიანა და ჭანყოშვილს თავდაპირველად ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი საცხოვრებელი სახლი დაუცხრილეს.
ამის შემდეგ, პოლიციის ნაცვლად, საქმეში ყვარელში მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტები სახელად “ბუტოვები” ჩაერთნენ. დაპირისპირება ისე გამწვავდა, რომ 24 ნოემბერს ჭანყოშვილს დაურეკეს და ქუჩაში გაიყვანეს. საბოლოოდ, საქმის გარჩევისას კი ორი ადამიანი დაიღუპა. თავად გიორგი ჭანყოშვილი და მასთან დაპირისპირებული ძმების, ტორიაშვილების მეგობარი გულიაშვილი.
დედა ამბობს, რომ ახლა მას გამომძიებელიც კი აღარ ელაპარაკება. ის ყველა პირის დასჯას მოითხოვს, ვისაც მკვლელობასთან რაიმე კავშირი აქვს. მათ შორისაა ის პირიც, ვინც დედის მტკიცებით, ჭანყოშვილს ტელეფონზე დაურეკა და მკვლელობის ადგილზე გაიყვანა.
დეტალებზე საუბარი არ სურს მოკლული გულიაშვილის დედას.
დაკავებულია მალხაზ ჩალათაშვილი, რომელიც მოკლულ გულიაშვილს ახლდა თან.
დამნაშავის გამოსავლენად სამართალდამცავებმა უსამართლო გზა შეარჩიეს, სოფელ კარდენახში ათეულობით ახალგაზრდა სხვადასხვა დროს ოჯახებიდან აიყვანეს, მკვლელის ვინაობის დასახელება მოსთხოვეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ოჯახებს გაჩუმების მიზნით, მუქარაც შეუთვალეს. შვილების ცემის გამო, სოფელი საპროტესტო აქციასაც გეგმავდა, რომლის ჩაშლაც გურჯაანის მერმა ითავა და ოჯახები დაარწმუნა, რომ დაკავებულებს უვნებლებს დააბრუნებდნენ...
გამოძიება 109-ე მუხლით არის დაწყებული, რაც 2 ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ავტორი: ია გულიაშვილი