მოსამართლე ჯაჭვაძემ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა ინსტიტუტში, რომელსაც სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი საერთოდ არ ჰქონია

გამოქვეყნდა:

ე.წ. სასამართლო პროცესის მოსამართლეც ე.წ. აღმოჩნდა. ქეთევან ჯაჭვაძემ წინასწარი გადაწყვეტილება წარმატებით გაახმოვანა და რეჟიმის 11 პატიმარი ტყვეობაში დატოვა. კითხვის ნიშნის ქვეშ ახლა არა მხოლოდ ამ გადაწყვეტილების ობიექტურობა, არამედ ქეთევან ჯაჭვაძის კვალიფიკაცია დგას.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საიტზე ატვირთული ბიოგრაფიით ირკვევა, რომ ქეთევან ჯაჭვაძემ თბილისის მეათე საჯარო სკოლა დაამთავრა, მაგრამ რატომღაც უმაღლესი განათლების მისაღებად საგარეჯოში წასვლა გადაწყვიტა. 1998 წელს აღებული "დავით გარეჯელის სახელობის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის" დიპლომი ქეთევან ჯაჭვაძის განათლების დამადასტურებელი ერთადერთი დოკუმენტია. ინსტიტუტი კი საგარეჯოში 1996 წელს დარეგისტრირდა, ასე წერია საჯარო რეესტრის პორტალზე ატვირთულ დოკუმენტაციაში, გამოდის რომ ქეთევან ჯაჭვაძემ დიპლომი ან სულ ორ წელში აიღო ან 4-დან 2 წლის განმავლობაში სწავლობდა დაწესებულებაში, რომელსაც უმაღლესი განათლების პროფილი არ ჰქონდა.

ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტი ამზადებს შემდეგი პროფილის სპეციალისტებს:

  • წარმოების ეკონომიკის მენეჯერი
  • ვაჭრობის ეკონომიკის მენეჯერი
  • სოფლის მეურნეობის პროექტების შენახვისა და გადამუშავების ტექნოლოგი მენეჯერი
  • სამეურნეო სამართალმცოდნეობა
  • მასობრივი კვების მენეჯერი
  • პედაგოგიკა და ფსიქოლოგია - სკოლამდელი

ეს  დავით გარეჯელის სახელობის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის ფაკულტეტების არასრული ჩამონათვალია. დოკუმენტურად დასტურდება, რომ ამ ინსტიტუტს სამართლის ფაკულტეტი საერთოდ არ ჰქონია. დაწესებულება კი 2006 წელს ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა. 

სამართალმცოდნეობის დიპლომის გარეშე შეუძლებელია ადვოკატის სალიცენზიო გამოცდის ჩაბარება, ბიოგრაფიაში წერია, რომ როგორღაც ქეთევან ჯაჭვაძემ ესეც შეძლო და უფრო მეტიც, 2007 წელს გალი-გულრიფშის, 2012 წელს კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გახდა. თავისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლო კი სწორედ გუშინ იყო, სხდომისთვის განზრახ შეარჩია პატარა დარბაზი.

მოსამართლე გაღიზიანდა, როცა ადვოკატები პოზიციის დასასაბუთებლად მის მიერ დაწერილი განჩინების მონაკვეთებს ციტირებდნენ, რომელთა უმრავლესობაც ქეთევან ჯაჭვაძემ პროკურატურის შუამდგომლობიდან გადმოაკოპირა, ამიტომ ყველანაირი  პროცედურა უგულებელყო და შუა სასამართლო სხდომაზე ადვოკატების დატუქსვა დაიწყო.

ქეთევან ჯაჭვაძეს არ უთქვამს, რომ საქმის მასალებში რეალურად ამ რამდენიმე ვიდეოკადრის გარდა სხვა არაფერი დევს. საუბრობდა გამოძიების მიერ შედგენილ დათვალიერების ოქმზე, მაგრამ არ უთქვამს რა ჩანს თავად კადრებში. რეალურად ნაწყვეტ, მწირ ვიდეომასალაში ჩანს მოსროლილი საგნები, რომელთაგან არცერთია შუშის, ბასრი ან იმ ტიპის, რომ სხეულის დაზიანება გამოიწვიოს და რაც მთავარია ამ კადრებით არ დასტურდება, რომ ეს საგნები ვინმეს მოხვდა და მითუმეტეს დააზიანა.

არადა ქეთევან ჯაჭვაძეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება მაინც შეეძლო. ყველაფრის მიუხედავად ის უვადო მოსამართლეა და მეტ თავისუფლებას აძლევს, მაგრამ ამის ნაცვლად დაარღვია პროცედურა, თავს დაესხა დაცვის მხარეს, მიემხრო პროკურატურას, სცადა საზოგადოების თვალში წარმოეჩინა, რომ 11 რეჟიმის ტყვე, რომელთა ბრალეულობაც საქმის ამჟამინდელი მასალებით არ დგინდება და რა თქმა უნდა არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა მისი აცილების შესახებ.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი