"არ არსებობს ორგანიზებული ჯგუფი, როდესაც ჯგუფის წევრები არ იცნობენ ერთმანეთს" | რატომ არის ბრალდება და სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი?

გამოქვეყნდა:

რეჟიმის ერთ-ერთი პატიმრის, გიორგი ტერიშვილის ადვოკატი კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომაა დაუსაბუთებელი ის ბრალი, რომელსაც პროკურატურა აქციის მონაწილეებს ედავება და რატომაა სასამართლოს გადაწყვეტილებაც დაუსაბუთებელია.

საუბარია 225-ე მუხლის მეორე ნაწილზე, სადაც სასამართლოს ჯერ კიდევ 2021 წელს აქვს განმარტებული, რომ არ არსებობს ორგანიზებული ჯგუფი, როდესაც ჯგუფის წევრები არ იცნობენ ერთმანეთს და არ მოქმედებენ ორგანიზებულად.

აქციის მონაწილეები კი რომლებსაც რეჟიმის პროკურატურა სწორედ  225-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, ერთმანეთს არც კი იცნობდნენ: 

ეს განცხადება მინდა ნახოს ყველა მოქალაქემ. ერთი საკითხია პოლიტიკურად ავხსნათ აქციაზე დაკავებული პირების მდგომარეობა, მეორე სამართლებრივად. 

მარტივად უნდა ავხსნათ რატომ არის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი.

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს N202აპ-23 განაჩენით ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/ბ/935-22, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილის განმარტების თაობაზე. სასამართლომ განმარტა, რომ არ არსებობს ორგანიზებული ჯგუფი, როდესაც ჯგუფის წევრები არ იცნობენ ერთმანეთს და არ მოქმედებენ ორგანიზებულად.

2. საქართველოს პროკურატურამ საქმეში არ წარმოადგინა არცერთი მტკიცებულება რომ ბრალდებულები იცნობდნენ ერთმანეთს.

3. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულებმა განმარტეს რომ არ იცნობენ ერთმანეთს. 

4. არ არსებობს მათ შორის კავშირი, ორგანიზებულობასთან დაკავშირებით. 

5. 225-ე მუხლი არ მოიცავს თვითორგანიზებას, აუცილებელია არსებობდეს კონკრეტული ორგანიზატორი, რომელიც მართავს ჯგუფის წევრებს, ხოლო თავის მხრივ ჯგუფის წევრები უნდა ემორჩილებოდნენ ორგანიზატორს. 

6. ასეთი მტკიცებულება არ არსებობს ბუნებაში და ვერც იარსებებს, ვინაიდან გიორგი ტერიშვილი და სხვა ბრალდებულები ერთმანეთს არ იცნობდნენ და შესაბამისად აქციაზეც იმყოფებოდნენ თვითორგანიზებით და არა მითითებით. 

შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება, ცალსახად გამორიცხავს, არათუ პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას, არამედ ზოგადად ამ მუხლით ბრალდებას.  

მინდა საზოგადოებამაც იცოდეს, რომ ის რაც დღეს სასამართლოში ხდება, სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს." წერს ადვოკატი. 

ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აქციების მიმდინარეობისას დააკავეს. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ 10 იანვარს ისინი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი