"თიბისი, განუხრელად იცავს მისი გუნდის წევრების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას", - ნათქვამია "თიბისი" ბანკის განცხადებაში, რომელიც ბანკმა "მთავარ არხს" რეჟიმის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედასთან, ლიკა გუნცაძესთან შეხვედრის შემდეგ მიაწოდა.
"თიბისი, როგორც ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული საერთაშორისო კომპანია, პატივს სცემს და განუხრელად იცავს მისი გუნდის წევრების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას. საბანკო სერვისების შეუფერხებლად მიწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეული წევრისთვის, რისი უზრუნველყოფაც ჩვენი, როგორც ფინანსური ინსტიტუტის უპირველესი პასუხისმგებლობაა. "თიბისი" ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, რეჟიმის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედის განცხადებით, "თიბისი"-ს ხელმძღვანელობამაც დაუდასტურა, რომ თანამშრომლებს საყოველთაო გაფიცვაში მონაწილეობაში ხელს არ შეუშლიან და არც პრობლემებს შეუქმნიან.
"იფიცება საქართველო" - 15 იანვარს, 15 საათზე, მასშტაბური საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვაა დაგეგმილი.ანდრო ჭიჭინაძის დედა მიმართავს დიდ კომპანიებს, რომ ხელი არ შეუშალონ საკუთარ თანამშრომლებს, მიიღონ მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან საპროტესტო აქტში და გამოხატონ თავისი პოზიცია. ლიკა გუნცაძე და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ საქართველოს ბანკის ხელმძღვანელებს,როგორც შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, "საქართველოს ბანკის" პოზიციაა რომ დაიცავენ თითოეული თანამშრომლის გამოხატვის უფლებას.