მზია ამაღლობელის ქმედება საერთოდ არ არის დანაშაული - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა" საქართველო და იურიდიულად, დეტალებში განმარტავს იმ მუხლის შინაარსს, რომელიც ჟურნალისტს რეჟიმის პროკურატურამ წაუყენა.
"სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, “დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც, თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე.” სილის გაწნა, რომელსაც არ შეიძლება ტკივილი გამოეწვია, მხოლოდ მცირე მნიშვნელობისაა და რაიმე სერიოზულ ზიანს ვერ გამოიწვევდა." აცხადებს TI.
რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების კანონიერებას, ორგანიზაცია წერს, რომ საქართველოში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას პოლიტიკური მოტივები გააჩნია და ის ემსახურება არა აღკვეთის ღონისძიების კანონიერი მიზნების მიღწევას, არამედ ბრალდებულზე და მთლიანად საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენასა და მათ დაშინებას:
"მოცემულ შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ისე შეუფარდა პატიმრობა მზია ამაღლობელს, რომ არც დაინტერესებულა, რა მტკიცებულებითი საფუძველი გააჩნდა პროკურატურას, როდესაც მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძვლად მიმალვის და სასამართლოში არგამოცხადების, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების ან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებით ხსნიდა."
ზემოაღნიშნული გარემოებები მიუთითებს, რომ რეჟიმის პოლიციამ და პროკურატურამ ბოროტად ისარგებლეს მზია ამაღლობელის ქმედებით და ცდილობენ მის სამაგალითო დასჯას. აშკარაა, რომ მზია ამაღლობელი ისჯება არა იმისთვის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი საშიშროების შემცველი ქმედება ჩაიდინა, არამედ იმისთვის, რომ იგი წლების განმავლობაში ამხელდა რეჟიმს კორუფციასა და სხვა უკანონო ქმედებებში ჩაბმულობის გამო. მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი იმ განმარტებიდან გამომდინარე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას აქვს დადგენილი." აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა".
შეგახსენებთ, ოცნების სასამართლომ გუშინ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი.