ინფიცირებული ექიმები, დახურული კლინიკები და არასაკმარისი საწოლფონდი - პანდემიის წინაშე მოუმზადებელი ჯანდაცვა

გამოქვეყნდა:

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კორონაპანდემიის მეორე ტალღას მოუმზადებელი შეხვდა. ამას ცხადყოფს დაინფიცირებული პერსონალის გამო დახურული კლინიკები, სამკურნალო საწოლებისა და ინვენტარის დეფიციტი. 

გართულებულ ეპიდვითარებას ასახავს ბოლოდროინდელი დაინფიცირების სტატისტიკაც - დაადავადებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად გაორმაგდა ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვიც. 

ცნობისთვის, დღეს, 30 სექტემბერს დაიხურა გორის სამედიცინო ცენტრი. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ამ ეტაპზე ეპიდემიას სულ 12 კლინიკა ებრძვის. მათი ნაწილი კოვიდკლინიკად გადაკეთდა, ნაწილი კი სხვა დაავადებების მქონე პაციენტებს შეზღუდულად ემსახურება. გასათვალისწინებელია, რომ თბილისი ქვეყნის მასშტაბით მესამე ცხელ წერტილად ითვლება და ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი არ აქვს, როგორ მოიქცევა მზარდი კოვიდსტატისტიკის პირობებში.

სისტემის ექსპერტები ფიქრობენ, რომ გაუმართავი ჯანდაცვა მოსახლეობაში პანიკის საფუძველს ქმნის.

დაინფიცირებულ ადამიანებს ექიმებისა და ეპიდემიოლოგების ლოდინი ხშირად სახლში უწევთ ან საკუთარი სახსრებით მიდიან ცხელების ცენტრებსა და კოვიდკლინიკებში - ეს კი, სპეციალისტების თქმით, არასწორია. ისინი ფიქრობენ, რომ პროცესში ჩართულები უნდა იყვნენ ოჯახის ექიმები, რომლებიც ინფიცირებულის მდგომარეობას ბინაზე შეამოწმებენ და თავად მიიღებენ სათანადო გადაწყვეტილებას პაციენტის კლინიკაში გადაყვანაზე. 

შეგახსენებთ, რომ 8 თვის განმავლობაში ქვეყანაში 6192 ინფიცირებულია გამოვლენილი, რომელთაგან 3120 პაციენტი გამოჯანმრთელებულად ითვლება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეში ამ დროისთვის 800-ზე მეტი სავარაუდო ინფიცირებული რჩება, კარანტინის რეჟიმში კი 5500-მდე ადამიანია მოთავსებული. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი