ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე სამტრედიის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გახარიას პარტიიდან, აკაკი გვიანიძე ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ქათამიძე თბილისში, უცხოელთა დროებითი მოთავსების იზოლატორში სამ თვეს გაატარებს, ვიდრე მისი ქვეყნიდან გაძევება /არგაძევების საკითხი არ გადაწყდება:
სამტრედიის სასამართლომ ჩვენი გურჯი მედროშე პატიმრობაში დატოვა, ამჯერად თბილისში, უცხოელთა დროებითი მოთავსების იზოლატორში, სამ თვემდე ვადით, სანამ გაძევება\არგაძევების საკითხი არ გადაწყდება.
სოლიდარობა და მხარდაჭერა მუჰაჯირთა შთამომავალ, სისხლით ხორცამდე ქართველ კაცს, თემურ ქათამაძეს!" წერს გვიანიძე.
შეგახსენებთ, ბათუმის აქციების ერთ-ერთი სიმბოლო, მედროშე თემურ ქათამაძე ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, 16 იანვარს, სამტრედიის იზოლატორიდან გაათავისუფლეს და გათავისუფლებისთანავე დააკავეს. ოლიგარქის შსს მიზეზად იმას ასახელებს, რომ ქათამაძე ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება.
თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია, იგი წლებია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობას ითხოვს.
ქვეყნიდან გაძევებით ქათამაძეს ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე დაემუქრა.
გუშინ, 17 იანვარს კი ცნობილი გახდა, რომ ქათამაძემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო.