მზია ამაღლობელის საქმეზე სააპელაციო საჩივრის ვადა დაირღვა. წესით გუშინ, 20 იანვარს უნდა გამხდარიყო ცნობილი, მიიღებდა თუ არა ქუთაისის სააპელაციო ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის სააპელაციო საჩივარს, თუმცა გადაწყვეტილება ამ დრომდე უცნობია.
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი კი 14 იანვრიდან, რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ, პროტესტის ნიშნად შიმშილობს და მხოლოდ წყალს იღებს. როგორც "მთავარ არხს" ადვოკატმა ჯაბა ქათამაძემ განუცხადა, ამ დროისათვის დაპატიმრებული ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დღეს კი მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად მორიგი აქცია გამართეს ჟურნალისტებმა ბათუმში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ადგილობრივ ოფისთან. ისინი ბათუმის პოლიციის უფროსის მიერ მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და დამცირების ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ, მათივე თქმით ირაკლი დგებუაძეს უფლებამოსილება დაუყოვნებლივ უნდა შეუწყდეს.