ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გვანცა ვარდანიძემ საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლები: ლევან გოგია და დავით ყოლბაია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო და 1 000-1 000 ლარით დააჯარიმა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომლებს, ლევან გოგიასა და დავით ყოლბაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსებისა და პოსტების გამო, შსს-მ უჩივლა. ყოლბაიამ რამდენიმე დღის წინ, საპატრულოს უფროსზე, ვაჟა სირაძეზე საჯარო სტატუსი დაწერა, გოგიამ კი მასზე დააკომენტარა.
გოგიასა და ყოლბაიას 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ლანძღვა-გინებას მოქალაქეების მიმართ და პოლიციის წინააღმდეგობასა და პოლიციის შეურაცხყოფას გულისხმობს.
პოლიციის ყოფილი თანამშრომლები სასამართლო დარბაზში ამტკიცებდნენ, რომ პოსტები მათ არ დაუწერიათ და Facebook-ი გაუტეხეს.
ავტორი: ემა გოგოხია