„დამხვრეტენ ფეხებზე მკიდია, კისერში მესვრიან ფეხებზე მკიდია ... ძირს დიდი ძმა“... - ეს არის ფრაგმენტი სინდისის პატიმარ ირაკლი ქერაშვილის წერილიდან, რომელიც მან გლდანის ციხიდან გამოაგზავნა. ამ სიტყვების წარმოთქმა მას სასამართლოზეც უნდოდა, თუმცა ვერ მოახერხა.
30 წლის ექიმი იმ 11 კაციანი ჯგუფის წევრია, რომელსაც ივანიშვილის პროკურატურა ძალადობრივ დაჯგუფებას ეძახის და აქციებზე სიარულის გამო ციხეში წლობით გამოკეტვას უპირებს.
გისოსებს მიღმა გამომწყვდევის მიუხედავად , ირაკლი ამბობს რომ არ ეშინია. არ ეშინოდა არც მაშინ, როდესაც ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლებს რუსთაველზე პოლიცია ძალადობრივად არბევდა და არ შეეშინდა არც მაშინ, როცა 6 დეკემბრის დილას სახლთან პოლიცია დახვდა. ირაკლის დაკავება პირველი მისმა ახლო მეგობარმა ქეთევან დანელიამ გაიგო.
ირაკლის სახლიდან გამოსვლას კრიმინალური პოლიცია სამი ავტომობილით ელოდებოდა. 30 წლის ექიმი სადარბაზოს დატოვებისთანავე აიყვანეს. ირაკლი ქერაშვილის დაკავება კორპუსის მაცხოვრებლებმა ტელეფონით გადაიღეს.
დაკავების მიზეზი ირაკლის ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში განუმარტეს, უთხრეს რომ ის აქციებზე ძალადობრივ დაჯგუფებასთან ერთად მოქმედებდა და პოლიციელებს თავს ესხმოდა.
ჯგუფური დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები პროკურატურას ჯერ არ აქვს, თუმცა 30 წლის ექიმი მაინც ამ მუხლითაა ბრალდებული. მრავალტომიან საქმეში არ დევს თუნდაც ერთი ფოტო ან ვიდეო მტკიცებულება რაც დაპატიმრებული ექიმისთვის წარდგენილ ბრალდებას გაამყარებდა. მთელი საქმე მხოლოდ დაინტერესებული პოლიციელის ჩვენებაზეა აგებული, რომელიც ამტკიცებს, რომ დანაშაულზე ინფორმაცია ძირითადად სოციალურ ქსელებში განთავსებული ვიდეოებიდან გაიგო.
იურისტები ამბობენ რომ ივანიშვილის პროკურატურა ძალიან ცდილობს ჯგუფური დანაშაული დაამტკიცოს, თუმცა ამ დრომდე ვერც პატიმრების ერთმანეთთან კავშირი გამოკვეთა და ვერც მათი მხრიდან ჩადენილი თუნდა ადმინისტრაციული გადაცდომა.
საქმის მასალებში ირაკლი ქერაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მტკიცებულება ის ფოტოა, რომელიც გამოძიებამ აქციების ზოგადი კადრებიდან ამოიღო. სწორედ ამ ფოტოთი მოახდინეს 30 წლის ექიმის იდენტიფიცირება. თუმცა ადვოკატის ინფორმაციით ფოტოთი მხოლოდ ის დგინდება რომ ირაკლი ქერაშვილი აქციაზე იმყოფებოდა. ყველაფრის მიუხედავად პროკურატურამ ექიმის ბრალეულობა ასე დააკვალიფიცირა.
ბრალი: ირაკლი ქერაშვილმა ჩაიდინა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. ე.ი. ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენება. იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი მომიტინგეების დანაშაულებრივ ქმედებებიდან გამომდინარე ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო პოლიციელის 100 -ზე მეტმა თანამშრომელმა.
ბრალდების მხარე მტკიცებულებების მოპოვებას ახლა ცდილობს. ამის გამო ისინი ირაკლისა და რეჟიმის სხვა ტყვეების საქმის სასამართლო განხილვებს დებენ.
ირაკლი ქერაშვილის საქმეს სხვა გარემოებებიც ამძიმებს. რეჟიმი მასთან ერთად მისი გარემოცვის წევრებსაც ებრძვის. ბრალდებულის ადვოკატს მოსამართლე უჩივის. რეზო აჭარაძეს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის საბჭოდან განჩინება გასულ კვირას ჩაბარდა.
როგორც რეზო აჭარაძე ყვება 11 იანვარს სხდომაზე ბრალდებულების უფლებები ირღვეოდა. დარბაზში სიმჭიდროვე და უჰაერობა იყო, მოსამართლე კი სხდომის დიდ დარბაზში გადატანაზე უარს ამბობდა. დამსწრეთა პროტესტის გამო მოსამართლემ სხდომა დატოვა და შესვენება გამოაცხადა. თუმცა ეს ადვოკატებს არ გაუგიათ. იურისტებს არც პროცესის განახლება შეატყობინეს რის გამოც სხდომა მათი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდა.
ირაკლი ქერაშვილის შემდეგი სასამართლო სხდომა 6 მარტს არის ჩანიშნული.
ავტორი: მაგდა მაისურაძე