სინდისის პატიმრები | როგორ უკერავს რეჟიმი 19-20 წლის ახალგაზრდებს სისხლის სამართლის საქმეებს?

გამოქვეყნდა:

გიორგი გორგაძე

2024 წლის 11 იანვარი - 20 წლის გიორგი გორგაძე განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა. სისტემა მას ჯგუფურ ძალადობას ედავება და 4-დან 6-წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროცესის დაწყებამდე ადვოკატს უკვე გაფრთხილებული ჰყავდა, რომ რეჟიმის მორჩილი მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე მას პატიმრობაში გაუშვებდა. მეორე კურსის სტუდენტს ჯერ  ვერც კი წარმოედგინა როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, როდესაც მოსამართლე მისგან სიმართლეს მოისმენდა. ხუსკივაძემ დაწერილი სცენარი პირნათლად შეასრულა და 20 წლის სტუდენტი პატიმრობაში დატოვა.

პროევროპული აქციების დაწყებამდე და შემდგომ დაკავებამდე გიორგი გორგაძე სხვა სტუდენტების მსგავსად უნივერსიტეტში დადიოდა და პარალელურად მამის კომპანიაში გაზმომარაგების პროექტებს წერდა. თავისუფალ დროს კი ფეხბურთსა და მეგობრებს უთმობდა.

20 წლის გიორგის დასაკავებლად გომელაურის უწყებამ სპეცოპერაცია ჩაატარა. სამართალდამცველები დედასთან მივიდნენ და მოატყუეს, რომ მას ჩხუბის საქმეზე მოწმის სახით ეძებდნენ. სახლში ძალის გამოყენებით  შევიდნენ. მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ის სახლში არ იმყოფებოდა, დედას უყვიროდნენ, რომ შვილთან დაერეკა. გიორგი პოლიციელებით სავსე ბინაში საკუთარი ფეხით მივიდა.

ირაკლი მიმინოშვილი

რეჟიმის კიდევ ერთი პატიმარია 19 წლის ირაკლი მიმინოშვილი. პროკურატურა მასაც ჯგუფურ ძალადობას ედავება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის პირველი კურსის სტუდენტი დაკავებამდე კურიერად მუშაობდა და ოჯახს ეხმარებოდა. მისი დაკავებისთვის გომელაურმა ასევე საგანგებო სპეცოპერაცია ჩაატარა. ამ დროს დედა სამსახურში იყო და შვილის დაკავებას ვერც კი მიუსწრო. დღეს ღიმილის ბიჭი ირაკლი მიმინოშვილი „ქართული ოცნების“ სინდისია, რომელიც რეჟიმს თავს ყველგან შეახსენებს. შვილის თავისუფლების მოლოდინში ირაკლის დედა ყოველ ღამე პროევროპულ აქციებზე დგას.

ონისე ცხადაძე

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ციხეში ზის მსახიობი და იუმორისტი ონისე ცხადაძეც. 30 ნოემბერს ხარაზიშვილის სპეცრაზმელების სასტიკი დარბევების დროს ის ძმასთან ერთად იმყოფებოდა და მძიმედ დაშავდა. მიღებული დაზიანებების გამო, დროებით რეგიონში მოუწია წასვლა.
იუმორისტი, რომელიც არარსებული მტკიცებულებების მიუხედავად პატიმრობაშია, საკუთარი ბრალის აბსურდულობას ყველაზე კარგად თავად ხსნის.

პროკურატურამ, რომელსაც მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს, დამატებითი დრო მოითხოვა. მოსამართლემ მათი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესი 5 მარტამდე გადადო.

მტკიცებულებები, რომელიც არაფერს ადასტურებს, უშინაარსო ოქმები, პოლიციელების ცრუ ჩვენებები და დასაბუთების მინიმალური სტანდარტი  - სულ ესაა, რაც დღეს პროკურატურას "ჯგუფური ძალადობით" დაკავებულების წინააღმდეგ აქვს. მათ მხარეს არიან მოსამართლეებიც, რომლებსაც პროცესებზე მხოლოდ პროკურორების ხმა ესმით.   

ეს ყველაფერი კი ივანიშვილის ნებით ხდება, რომელსაც არსენალში პოლიტიკურ მარიონეტებთან ერთად, მორჩილი მოსამართლეებიც ჰყავს გაფორმებული.

ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი