გორში, სამოქალაქო აქტივისტ ვახო ფიცხელაურზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც - ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
ფიცხელაური გუშინ საღამოს, 3-მა ნიღბიანმა გაიტაცა და ფიზიკურად გაუსწორდა. ფიცხელაურის თქმით, წმინდაწყლის დასახლებაში, მისივე სახლთან ჩაუსაფრდნენ, მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს, ქალაქგარეთ წაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა აქტივისტს წაართვეს პირადი ნივთებიც. ფიცხელაურიც და მისი მეუღლეც მომხდარს მათ სამოქალაქო აქტივობას უკავშირებენ.
"გზაში მემუქრებოდნენ, რომ უნდა მოვეკალი, სახეზე უნდა დავემახინჯებინე და ვმალავდი მაქსიმალურად სახეს. რაღაც დისტანციაზე სახლები ჩანდა, ახალი შებინდებული იყო. ყვირილი რომ დავიწყე, შევატყვე, რომ თითქოს შეეშინდათ და დავუსხლტი რაღაც მომენტში ხელიდან. 2 თვეა უკვე თითქმის ყოველდღე რუსთაველზე ვდგავარ. რაც გააკეთეს, სახლებში მიუვარდნენ, ქუჩაშიც დახვდნენ, გაიტაცეს, სცემეს, ანალოგიური ფურგონით ჩემ უბანში დამხვდნენ, გამიტაცეს და გამისწორდნენ. სპეცრაზმელებს რომ აცვიათ ისეთი ნიღბებით იყვნენ. პოლიციაში დაკითხვაც კი მაფიქრებინებს, რომ სისტემა ჩემ უბანში მოვიდა" ამბობს ფიცხელაური.
დღეს, 18 საათზე, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციასთან მოქალაქეები ფიცხელაურის მხარდამჭერ აქციას გამართავენ და მოსახლეობას სოლიდარობისკენ, პოლიციას კი თავდამსხმელების დასჯისკენ მოუწოდებენ.