თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი განახლდა. დღეს ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვაა დაგეგმილი. პროკურატურის მოთხოვნით, დღევანდელი სხდომა ნაწილობრივ დაიხურა. [მედია არ ესწრება].
დღეს ბრალდების მხარე მოწმედ "ქართუ ბანკის" ამჟამინდელ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ნატო ხაინდრავას წარადგენს, რომელიც სადავო პერიოდში ბანკის გენერალური დირექტორი იყო.
ხაინდრავამ სასამართლო დარბაზში შესვლამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათი საქმე არაა რაზე ისაუბრებს, ხოლო ბაჩიაშვილის დედას კითხვაზე, რისი ეშინია, მუქარით უპასუხა: - "მე არაფრის, თქვენ უნდა გეშინოდეთ...მე რისი უნდა მეშინოდეს, მე ვარ მოწმე "
"მუქარად აღვიქვი იმიტომ, რომ ნატოს პროცესიდან გამოგვიყვანეს და დახურეს იმიტომ, რომ ეშინოდათ საზოგადოება გაიგებდა იმ სიმართლეს, რომელიც რეალურად იყო. ახლა სიმართლე დაფარულია , დღეს სიმართლეს სძინავს, სიმართლე არ არსებობს" - თქვა გიორგი ბაჩიაშვილის დედამ, მარინა რამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალად ედება დიდი ოდენობით ბიტკოინების მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ამ ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის განცხადებით, მითვისების მომენტში – 2017 წელს, 40 მილიონამდე ამერიკულ დოლარს შეადგენდა. პროკურატურის ბრალდების თანახმად, საქმეში დაზარალებული ბიძინა ივანიშვილია.