"ციხის დაწესებულებამ შემოიყვანა ინსულტის დიაგნოზით, ადამიანს სახის ძვლების არც ერთი ნაწილი მთელი არ აქვს" | ნაცემი პატიმრის ადვოკატი გამოძიების დაწყებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

გლდანის ციხეში ნაცემი პატიმრის ადვოკატი, მუხრან ღურწკაია აცხადებს, რომ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტმა იოსებ გორგაძის დაზიანებები არ დააფიქსირა და კლინიკაში ის ინსულტის დიაგნოზით გადაიყვანეს.

ადვოკატი გამოძიების დაწყებას და მომხდარზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს. უფლებადამცველის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის კლინიკაში გადაყვანის დროს მას არ დაუკავშირდნენ.

"კვირა დღეს მიკავშირდება გლდანის #8 დაწესებულებიდან ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც მეუბნება, რომ გორგაძე იყო ცუდად და გადაიყვანეს საავადმყოფოში და ხომ არ იცით როგორ არის. ამის შემდეგ ვიწყებ მოქმედებებს და ამის შემდეგ "ვივამედის" კლინიკაში და ვარკვევ რა ხდება. 23 იანვარს შემოყვანილ იქნა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გლდანის #8 დაწესებულებიდან "ვივამედის" კლინიკაში.

ციხის დაწესებულებამ შემოიყვანა ინსულტის დიაგნოზით. არადა ადამიანს სახის ძვლების არც ერთი ნაწილი მთელი არ აქვს - ისეთი დაზიანებები აქვს. ეს ადამიანი არის ნაცემი, ნაწამები და ისე გადმოიყვანეს აქ. საერთოდ გაუგებარია რატომ მალავს გლდანის #8 დაწესებულება ან პენიტენციური სამსახური იმ ფაქტს, რომ ეს ადამიანი არის სასტიკად ნაცემი. არც ერთი აღწერა ექიმს გლდანის ციხეში არ გაუკეთებიათ - ხილულ დაზიანებებთან დაკავშირებით, მას ჰქონდა სისხლჩაქცევები, ჩალურჯებები - ეს აღწერები არ არის გაკეთებული. რატომ - ჩვენთვის უცნობია. ვითხოვთ, ამ საქმეზე დაუყოვნებლივ ამ საქმის გამოძიებას და ყველა პირის დასჯის, ვინც ეს საზარელი დანაშაული ჩაიდინეს", - განაცხადა ღურცკაიამ.

შეგახსენებთ, რომ 29 იანვარს, "TV პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გლდანის ციხიდან ერთ-ერთი პატიმარი კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს. ის გარჩევის დროს სცემეს. 

ცნობილია, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირი ავარიის შემდეგ დააკავეს, როდესაც თბილისიდან წალკაში, "ქართული ოცნების" აქციიდან მიმავალ აქტივისტებს შეეჯახა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მოგვიანებით, ინფორმაციას გამოეხმაურა სახალხო დამცველის აპარატი, რომლის ცნობითაც, კლინიკაში ომბუდსმენის რწმუნებული იყო მისული, რათა პაციენტს შეხვედროდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეს ვერ მოხერხდა. სახალხო დამცველმა გამოძიებას მოუწოდა, შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს ფაქტის გამოძიება და პატიმრის დაზიანებების წარმოშობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზების დადგენა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი