თბილისის საქალაქო სასამართლოში "კრიპტოვალუტის საქმეზე" სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. ოლიგარქი ივანიშვილი მასთან დაახლოებულ პირს გიორგი ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება. ბაჩიაშვილი მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს სადამსჯელო ოპერაციას უწოდებს.
"ბოლომდე ამათი ნება რომ იყოს, საერთოდ არ ჩაატარებდნენ სხდომებს და პირდაპირ ციხეში გამიშვებდნენ. უბრალოდ ივანიშვილს მაინც უნდა, რომ რაღაც ფორმალობა დაიცვას, ხალხს მოაჩვენოს, რომ თითქოს რაღაც ხდება ამ შენობაში და სამართალთან ახლოს აქვს საქმე ამ შენობას და მის რეჟიმს. ყველაფერი მოსალოდნელია, არაფერი არ გაგიკვირდეთ, ეს პროცესი არის ერთი დიდი ცირკი და ივანიშვილის სადამსჯელო ოპერაცია, იმისთვის რომ გამომძალოს დიდძალი თანხა." - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი ლევან მახარაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო პროცესი საჯარო იქნება და კვლავ არ დაიხურება. ვის წარმოადგენს ბრალდების მხარე მოწმეებად და იქნება თუ არა მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი, ლევან მახარაშვილისთვის ჯერჯერობით უცნობია.
"ქართული ოცნების" დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით 2023 წლის ივლისში დაიწყო. მას აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მლნ ლარის გადახდა შეეფარდა. გიორგი ბაჩიაშვილს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
29 იანვრის სასამართლო სხდომა კრიპტოვალუტის საქმეზე“ "ბანკი ქართუს" ხელმძღვანელების გამოსაკითხად მოსამართლემ სხდომა დახურა