კომუნიკაციების კომისიამ "კავკასუს ონლაინში" სპეციალური მმართველი დანიშნა. სპეციალური მმართველის თანადებობაზე "ოუფენ ნეტის" ხელმძღვანელი მარიამ სულაბერიძე ინიშნება, რომელიც არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.
"ოუფენ ნეტი" "ქართუს" დაფინანსებული პროექტია, რომელსაც საყოველთაო ინტერნეტიზაცია ევალებოდა.
ოფიციალურ განცხადებაში მარეგულირებელი კომისია მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილებას განმარტავს და წერს, რომ სულაბერიძე კომპანიაში "კანონდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო" დაინიშნა.
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი იმ დრომდე დაინიშნა, ვიდრე კომპანიის კანონდარღვევით გასხვისებული წილის 49% პირვანდელ მდგომარეობაში არ დაბრუნდება და კანონის მოთხოვნა არ აღსრულდება. კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ კანონის აღსრულების მოთხოვნა ჯერ კიდევ 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაავალდებულა. ერთი წლის განმავლობაში 6 სანქციის მიუხედავად კომპანიამ კანონი არ აღასრულა - წერია ოფიციალურ განცხადებაში.
დროებითი მმართველს აქვს უფლება კომპანიაში დანიშნოს, ან გაანთავისუფლოს ნებისმიერი კადრი, დირექტორის ჩათვლით. მას ასევე შეუძლია „კავკასუს ონლაინს“ შეუჩეროს, ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, შეცვალოს ხელფასები.
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი სადავო ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა 17 ივლისს დაამტკიცა.
კანონპროექტის განხილვა ხმაურიანი საკომიტეტო მოსმენების ფონზე მიმდინარეობდა. ცვლილებებს მხარს არ უჭერდა არც ოპოზიცია, არც არასამთავრობო სექტორი.
მოწინააღმდეგები ამბობდნენ, რომ კობა ბექაურს ამ ცვლილებით ცენზურის დაკანონება სურდა.