პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, კომისიას შეეძლება ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს სპეციალური მმართველი დაუნიშნოს, მესამე მოსმენით, 88 ხმით დაამტკიცა.
ცვლილებების თანახმად, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ლიცენზირებულ კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება ექნება.
კომპანიაში სპეციალური მმართველი იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან/და ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს.
კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.