ბექაურის დანიშნული მმართველი ტელევიზიებში - დიქტატურა კანონის სახელით

გამოქვეყნდა:

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიას ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, ტელევიზიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება ეძლევა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტის ბიუროზე დღეს დარეგისტრირდა და მისი მიღების შემთხვევაში მარეგულირებელს უფლება ექნება სპეციალური მმართველები ორგანიზაციებში ორი წლის ვადით დანიშნოს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სპეციალური მმართველი შეიძლება იყოს, ნებისმიერი პირი, რომელსაც არ აქვს ინტერესთა კონფლიქტი ავტორიზებულ/ლიცენზირებულ ორგანიზაციასთან მიმართებაში. 

კანონში შესატანი ცვლილებები მარეგულირებელ კომისიას იმ შემთხვევაში მისცემს მმართველის დანიშვნის უფლებას, თუკი დაკისრებული ჯარიმების მიუხედავად, ორგანიზაცია ვერ აღასრულებს გადაწყვეტილებას.

ბექაურის უწყების ინიციატივას მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელები დიქტატურის დამყარების მცდელობად და თავისუფალი სიტყვის დევნად აფასებენ. როგორც "მთავარი არხის" იურისტი განმარტავს, ამ ინიციატივით, მარეგულირებელს განუსაზღვრელი უფლებები ენიჭება და ის მას კრიტიკული სიტყვის ჩასახშობად გამოიყენებს:

ახალი ცვლილებებით, როდესაც კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, მხარე გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოში, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, კომისიის გადაწყვეტილება ავტომატურად სავალდებულო იქნება შესასრულებლად, მიუხედავად იმისა ეს შეიძლება უკანონო იყოს. გარდა ამისა, კომისიას ენიჭება უფლება, რომ თავისი გადაწყვეტილების აღსასრულებლად მედიაში დანიშნოს სპეციალური მმართველები იმავე სხდომაზე, რომელზეც მიიღებს გადაწყვეტილებას, ორ წლამდე ვადით" ამბობს თამთა მურადაშვილი.

საკანონმდებლო ინიციატივას "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი დიქტატურად და ხელისუფლების უზურპაციის მცდელობად აფასებს:

ხალხო, ამაზე მეტი დიქტატურა რაღაა? რაის ღრმა ავტორიტარიზმი, რაის ხელისუფლების უზურპაცია. პირდაპირ, ირაციონალური ცენზურის მეშვეობით, მახინჯი მარეგულირებელი კომისიის და დამნაშავე კახა ბექაურის გადაწყვეტილებით, ნებისმიერი მედიის ნებისმიერი მიზეზით ნებისმიერ დროს ჩამორთმევის გეგმაა. რ2ში არ მეყოფოდა და ახლა საკუთარ ტვში მინიშნავენ მგონი საყევარიშვილს დროებით მმართველად.

ps ახლა კი გასაგებია, ჩვენ წინააღმდეგ საბოტაჟის საქმის შეკერვა რისთვის დასჭირდათ - წერს ნიკა გვარამია "ფეისბუქზე".

მედიაში სპეცრაზმით შევარდნის ტოლფასი - ასე აფასებს "კავკასიის" გენერალური დირექტორი აღნიშნულ ინიციატივას:

SOS! ყველა პარტიას, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, ყველა მედიას: პარლამენტის ბიუროში დღეს დარეგისტრირდა პროექტი, რომლითაც კომუნიკაციების კომისიას ეძლევა უფლება დანიშნოს ორგანიზაციებში სპეციალური მმართველი მისი გადაწყვეტილებების აღსრულების სპეციალური ღონისძიებების ფარგლებში. პირდაპირ არ წერია, რომ ეს ეხება ტელევიზიებსაც, მაგრამ მერწმუნეთ, ეს შეეხება ტელევიზიებს. კარგად ვიცნობ უკვე ბექაურს და ვიცი რასაც აპირებს.

გარდა ამისა, ცვლილებები შედის მაუწყებლობის კანონში, რომლითაც:

“კომისიის სამართლებრივი აქტები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით. სარჩელის მიღება სასამართლოში არ გამოიწვევს კომისიის სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერებას.“

ეს იმას ნიშნავს, რომ ბექაურს სასამართლოების დასრულებამდეც აღარ უნდა მოცდა და მაშინვე უნდა მისი არანორმალური გადაწყვეტილებების აღსრულება, რაც პრაქტიკულად მედიაში სპეცრაზმით შევარდნის ტოლფასია.

მოკლედ, ან ყველამ გაიაზრეთ რასთან გვაქვს საქმე და მივიღოთ ადეკვატური ზომები, ან სულ კარგად იყავით. მე ამ საგიჟეთის ატანა აღარ შემიძლია" წერს ნინო ჯანგირაშვილი

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი