თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პენიტენციური სამსახურიდან წარმოდგენილი ოქმი წაიკითხა, რომელშიც მითითებული იყო, რომ ის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული.
ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ ლომიძეს სასამართლოში გამოცხადებაზე უარი არ უთქვამს და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დასწრება არ შეუძლია. ადვოკატის თქმითვე, მას მისი დაცვის ქვეშ მყოფი 18 იანვრის შემდეგ არ უნახავს, რადგან ის შეხვედრების ოთახამდე ვერ გამოდის, ადვოკატს კი საკანში არ უშვებენ. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, ლომიძეს ფეხისა და ხერხემლის არეში ტკივილები აქვს, საწოლიდან ვერ დგება და საპირფარეშოში გასვლაშიც თანამესაკნეები ეხმარებიან.
ლომიძეს დაკავებამდე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. საპოლიციო ძალების მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად კი მისი მდგომარეობა დამძიმდა.
"მისი მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, 2 დღის წინ იგი გადაჰყავდათ კერძო კლინიკაში, მაგრამ ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზის გამო, უკან მიაბრუნეს. 18 ინვარს შევხვდი ბოლოს. მაშინ ჯერ კიდევ გადაადგილდებოდა, მაგრამ უჩიოდა ძლიერ ტკივილებს ფეხისა და ხერხემლის არეში. მას მერე დაუმძიმდა მდგომარეობა და იმასაც კი ვეღარ ახერხებდა რომ ჩემთან გამოსულიყო" თქვა ადვოკატმა ლომიძის ადვოკატმა დიმიტრი ვარდიაშვილმა საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის 1-ელ დეკემბერს, ღამის საათებში, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლეს. ასევე, მათივე მტკიცებით, აღნიშნული ქმედების შედეგად ცეცხლი წაეკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ წყლის ჭავლის სპეციალურ ავტომანქანას.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2 დეკემბერს დააკავეს.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იხილეთ ასევე: