ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე მარიამ იაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ აბაშიძეს 5 წლით, ხოლო იაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენი დღეს გამოცხადდა, ვინაიდან საქმე დაზარალებული პირების პერსონალურ ინფორმაციას შეიცავდა, სასამართლო განხილვები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. შესაბამისად, სხვა დეტალები უცნობია.
ცნობისთვის, უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.