ოლიგარქი ივანიშვილი ე.წ. ბიტკოინების საქმეზე, სადაც ის დაზარალებულია, თბილისის საქალაქო სასამართლოს ჩვენებას დახურულ სხდომაზე აძლევს. სხდომის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. ივანიშვილი პროცესს დისტანციურად ერთვება.
პროკურორმა მიხეილ სადრაძემ, სხდომის ნაწილობრივ დახურვის არგუმენტად კომერციული საიდუმლოების დაცვა დაასახელა.
ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე და როგორც გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განმარტა, კომერციული საიდუმლოების მიზნით სხდომის დახურვის მოთხოვნა ზოგადი ფრაზებით არ უნდა იყოს დასაბუთებული.
თავად ბაჩიაშვილმა მოსამართლე გიორგი გელაშვილს ობიექტური გადაწყვეტილებისკენ მოუწოდა.
"მთელმა ქვეყანამ იცის, რომ პროცესის დახურვა ემსახურება იმას, რომ ივანიშვილმა საჯაროდ არ გასცეს კითხვებს პასუხი. ძალიან გთხოვთ, ობიექტური იყოთ შეფასებაში", - მიმართა ბაჩიაშვილმა სასამართლოს.
შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალად ედება დიდი ოდენობით ბიტკოინების მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.