"საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას - ნეგატიურია, აუარესებს დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას" | საია

გამოქვეყნდა:

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" "ქართული ოცნების" მიერ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ცვლილებები ცალსახად ნეგატიურია, ვინაიდან, აუარესებს საჯარო სექტორში დასაქმებულთა/საჯარო მოხელეთა უფლებრივ მდგომარეობას და ხშირად, ტოვებს მათ სამართლებრივი გარანტიების გარეშეც.

"2024 წლის 13 დეკემბერს, ქართული ოცნების პარლამენტმა ცვლილებები (შემდგომში - ცვლილება) შეიტანა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში - კანონი). ცვლილებები ცალსახად ნეგატიურია, ვინაიდან, აუარესებს საჯარო სექტორში დასაქმებულთა/საჯარო მოხელეთა უფლებრივ მდგომარეობას და ხშირად, ტოვებს მათ სამართლებრივი გარანტიების გარეშეც.

საიას სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით უკვე მომართა არაერთმა საჯარო მოხელემ, რომელთაც უკვე შეეხოთ აღნიშნული ცვლილებები. რამდენიმე მათგანი, კანონში ცვლილებამდე დასაქმებული იყო პროფესიული საჯარო მოხელის პოზიციაზე. ცვლილებამ განაპირობა მათი ავტომატური გადაყვანა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების პოზიციებზე და შესაძლებელი გახადა მათი გათავისუფლება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.

აღნიშნულმა ცვლილებებმა, მათ შორის, დაადგინა, რომ გარკვეული თანამდებობის პირები ავტომატურად მიიჩნევიან არა პროფესიულ საჯარო მოხელეებად, არამედ, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად, რომლებზეც ვრცელდება დასაქმებისა და გათავისუფლების განსხვავებული რეჟიმი. კერძოდ, ცვლილებების თანახმად:

- საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან და მის მოადგილესთან იდება ადმინისტრაციული ხელშეკრულება (კანონის მე-3, 78-ე მუხლები);

- პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და მისი მოადგილის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, მუნიციპალიტეტის მერის და შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, მუნიციპალიტეტის მერის და შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტა ავტომატურად იწვევს პირველადი სტრუქტურული ერთეულის და მისი მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტას (კანონის 82 (2) პუნქტი, 82 (1) „დ“ ქვეპუნქტი).

აღნიშნული ცვლილება ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის N3/5/626 გადაწყვეტილებას საქმეზე „ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (შემდგომში - ლაცაბიძის საქმე). ამ საქმეში დავის საგანი იყო ორგანული კანონის - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 59-ე მუხლის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი. საქმეში მოსარჩელეს წარმოადგენდა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი. ეს არის პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის თანამდებობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის. 2014 წელს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ახალი მერის არჩევისას 2014 წლის 14 ივლისის ბრძანებით მოსარჩელე გადაყენებული იქნა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის თანამდებობიდან. მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ იმას ასაჩივრებდა, რომ ახალი მერის/გამგებლის არჩევისას მას ავტომატურად უწყდებოდა უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლომ ერთმანეთისაგან გამიჯნა პოლიტიკური და პროფესიული თანამდებობის პირები. სასამართლოს განმარტებით, „პროფესიული თანამდებობის პირი უშუალოდ არ წარმოადგენს ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელ სუბიექტს. მისი ფუნქციები უმეტესად საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ უკვე განსაზღვრული პოლიტიკის პრაქტიკულ რეალიზაციაში, აღსრულებაში გამოიხატება.“ ამასთან, „განსხვავებით პოლიტიკური თანამდებობის პირებისაგან, პროფესიული თანამდებობის პირების შემთხვევაში აუცილებელია, რომ მათზე დაკისრებული ფუნქციები განახორციელოს შესაბამისი ცოდნის, პროფესიის, კვალიფიკაციისა თუ სხვა შესაბამისი მახასიათებლების მქონე ადამიანმა.“ საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განაცხადა: „იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პროფესიული თანამდებობის პირები არ იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, არ ხდება მათ მიმართ პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება. ასეთი თანამდებობის პირის მიერ დაკისრებული ფუნქციების შესრულება მხოლოდ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს.“

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ როგორც სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისათვის, ისე ყველა მსგავსი ბუნების მქონე სახელმწიფო თანამდებობისთვის უმთავრესია, რომ კონკრეტული დავალება, უფლებამოსილება იქნეს სრულყოფილად შესრულებული, მაღალი პროფესიონალიზმით, მიუხედავად შემსრულებელი პირის პოლიტიკური მსოფლმხედველობისა. სწორედ შესასრულებელ ფუნქციათა/დავალებათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება შეიძლება გახდეს ამგვარი პირების პასუხისმგებლობის საფუძველი.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისათვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილების შეწყვეტა წარმოადგენდა კონსტიტუციის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებაში ჩარევას, ამის მიზეზი იყო ის, რომ მართალია სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარებოდა მერს, ამის მიუხედავად, მას გააჩნდა მერისაგან განსხვავებული ფუნქციები, რომლის კვალიფიციური შესრულება დამოკიდებული არ იყო მერის პიროვნებაზე. ამ თანამდებობის არსი გულისხმობს არა კონკრეტული პოლიტიკური გუნდისა თუ მერის პოლიტიკური შეხედულებებისადმი ერთგულებას, არამედ მისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის კანონმდებლობის შესაბამისად გაძღოლას.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 82-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის N3/5/626 გადაწყვეტილების დამძლევს. ახლად მიღებული კანონით კვლავაც შესაძლებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულ პირს შეუწყდეს შრომითი ურთიერთობა, რაც წინააღმდეგობაში მოდის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით. საგულისხმოა, რომ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელზე ზოგადად და არა მხოლოდ კონკრეტული მერიის ან სხვა მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელზე. შესაბამისად, კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ერთნაირ გარანტიებს ადგენს როგორც მუნიციპალური, ისე სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებზე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც, სადაც ცვლილება ასევე შეეხო პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მოადგილის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებს იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირს, მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს უფლებამოსილება არ უწყდება. კერძოდ, ცვლილებებით შესაძლებელი ხდება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მოადგილისთვის ხელშეკრულების შეწყვეტა დაწესებულების ხელმძღვანელის ინიციატივით, 1 თვით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა მხოლოდ კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოლეგ ლაცაბიძის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე იმსჯელა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-60 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობაზე. ამ ნორმის თანახმად, მერს ჰქონდა უფლება გაეთავისუფლებინა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თანამდებობიდან ნებისმიერ დროს. სასამართლომ დაადგინა, რომ „სადავო ნორმა ადგენდა გამგებელის/მერის მიერ გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი შეხედულებისამებრ გათავისუფლების უფლებამოსილებას.“ ამის გამო ადგილი ჰქონდა ჩარევას კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებულ უფლებაში ვინაიდან მოპასუხე მხარეს არ დაუსახელებია ამ ჩარევის გამამართლებელი ლეგიტიმური მიზნები. საკონსტიტუციო სასამართლომ მერის აბსოლუტური დისკრეცია, გაეთავისუფლებინა პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, სცნო არაკონსტიტუციურად.

“საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებების მიხედვით, მართალია საუბარია არა ნებისმიერ დროს გათავისუფლებაზე, არამედ, ერთი თვით ადრე შეტყობინებასა და ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით კომპენსაციის მიცემაზე, თუმცა, უცვლელი რჩება ის ფაქტი, რომ მერს, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს და დაწესებულების ხელმძღვანელს არ მოეთხოვება რაიმე საფუძვლის მითითება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/მისი მოადგილის გასათავისუფლებლად.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ბოლო პერიოდში შეტანილი ცვლილებები არ პასუხობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს, წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დამძლევს და სარჩელით მიმართვის შემთხვევაში არსებობს განმწესრიგებელ სხდომაზე ამ ნორმების გამარტივებული წესით ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი," - წერია განცხადებაში. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი