დედაქალაქის ცენტრში - სამრეკლოს 12 ნომერში მდებარე სასტუმრო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 6 თვეზე მეტია, რაც ნაქირავები აქვთ. დამქირავებლები ჩინელები არიან, სასტუმროშიც ამ დროისთვის მხოლოდ ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები იმყოფებიან.
რას საქმიანობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ამ სასტუმროში, ამის შესახებ ცნობილი ტაილანდური მედიიდან გახდა. ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ საქართველოში სუროგაციის ჩინური ქსელი მოქმედებს, რომლის საშუალებითაც ტაილანდის მოქალაქე 100- მდე ქალი საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანეს და აქ თვეების გამავლობაში ჰყავდათ.
ტაილანდურ მედია ავრცელებს დაზარალებული ქალების ინტერვიუებს, სადაც ისინი ღიად ყვებიან, რომ საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანეს და იძულებით ჩართეს კვერცხუჯრედების დონაციის სქემაში.
დაუჯერებელი ისტორია ერთ-ერთმა გადარჩენილმა ქალმა ტაილანდურ არასამთავრობო ორგანიზაციას უამბო. უკანონო ტყვეობიდან შინ დაბრუნებული ქალი ამტკიცებს, რომ საქართველოში არსებულ არალეგალურ ქსელს ჩინური კრიმინალური სინდიკატი მართავს.
სასტუმროში "მთავარს" დაუდასტურეს, რომ ისინი ნამდვილად დაკავებულები არიან სუროგაციით, თუმცა ამ საქმეში კრიმინალს უარყოფენ.
ვესაუბრეთ ქსელის ერთ-ერთ მენეჯერს, რომელიც ტაილანდში დაბრუნებული ქალების ბრალდებებს უარყოფს, ამტკიცებს რომ ყველა თავის ნებით ერთვება სქემაში. თანხასაც შესაბამისად იღებენ და სამშობლოში ბრუნდებიან.
ქალები, რომლებსაც დღეს ჟურნალისტებთან გასაუბრების საშუალება მისცეს, ერთსა და იმავე ტექსტს ამბობენ. ყველა მათგანი ამტკიცებს, რომ საქართველოში თავისი ნებით ჩამოვიდნენ. დიდი ალბათობით, ჟურნალისტური გამოძიების ეთერში გასვლის შემდეგ ტაილანდელი ქალები გაფრთხილებულები იყვნენ, რაზე უნდა ესაუბრათ მედიასთან.
საქართველოში სუროგაცია კანონმდებლობით რეგულირდება და კონკრეტული წესები მოქმედებს. შსს-მ გამოძიება ადამიანით ვაჭრობის მუხლით დაიწყო.