საქართველო გლობალური ნარკოვაჭრობის მნიშვნელოვან ცენტრად რჩება, განსაკუთრებით, სატრანზიტო პუნქტად იმ ოპიატებისა და სინთეზური ნარკოტიკების გადაზიდვისთვის, რომლებიც ავღანეთიდან, ირანიდან და ევრაზიის სხვა ქვეყნებიდან ევროპაში შავი ზღვის გავლით მიედინება. ამის შესახებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში,რომელიც 2023 წლის მონაცემებს მოიცავს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ტრანსნაციონალური ნარკოორგანიზაციები ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის საქართველოს მარშრუტს იყენებენ ოპიოიდების და სინთეზური ნარკოტიკების ევროპიდან ისეთ ქვეყნებში გადასაზიდად, როგორიცაა თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ნარკოტიკებთან ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერებაში ეხმარებოდა და ყოველმხრივ დახმარებას უწევდა ქვეყანას სამართალდამცავი შესაძლებლობების გაძლიერების საქმეში. 2023 წელს ეს დახმარება მოიცავდა სპეციალიზებულ ტრენინგებს ნარკოტიკების ტრანსსასაზღვრო კონტრაბანდის გამოვლენასა და პრევენციაში, მგზავრთა იდენტიფიკაციასა და სკრინინგს, ფულის გათეთრების გამოვლენას, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.
2023 წლის აპრილში აშშ-ის დახმარებით, საქართველოს ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ და ბელგიის სამართალდამცავმა ორგანოებმა ერთობლივად ჩაატარეს ოპერაცია, რომლის შედეგადაც 400 კილოგრამი ჰეროინი იქნა ამოღებული. 2023 წლის მაისში აშშ-ის დახმარებით ფოთის პორტში მოხდა ირანული კომერციული კონტეინერის იდენტიფიცირება, რის შედეგადაც დამატებით 80 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს. - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წელს საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებები მოიცავდა ახალი ნარკოვითარების სტრატეგიის მიღებას 2023-30 წლებისთვის ოთხი საყრდენით, რომელიც მოიცავს ნარკოტიკების პრევენციას, მკურნალობას/რეაბილიტაციას, ზიანის შემცირებას და მიწოდების შემცირებას.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველო შეუერთდა გლობალურ კოალიციას, რომელიც მიზნად ისახავს სინთეზური ნარკოტიკების საფრთხის შემცირებას, და ხელი მოაწერა შეთანხმებას ნარკოტიკებისა და ნარკომანიის ევროპის მონიტორინგის ცენტრთან.
საქართველომ მიიღო 2023-24 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავდა რამდენიმე ახალ ინიციატივას, როგორიცაა ადრეული გაფრთხილების სისტემა ნარკოტიკების განვითარებადი ტენდენციების მონიტორინგისთვის და ნარკოტიკებთან დაკავშირებული სიკვდილის ინდიკატორის შემუშავებისთვის. ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ასევე გააფორმა ხელშეკრულება ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ევროპულ ცენტრთან მონაცემთა შეგროვების სისტემების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ გამოცდილების გაცვლის შესახებ.
ანგარიშში საუბარია გამოწვევებზეც და აღნიშნულია, რომ „ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება, რადგან ოპიოიდების ჩანაცვლების გრძელვადიანი სამედიცინო პროგრამა სასჯელაღსრულების სისტემაში შეუმუშავებელი რჩება“.