რეჟიმის ტყვე ანატოლი გიგაური | მოწმე პოლიციელების ჩვენებები და კადრები, რომლითაც ბრალეულობა არ დასტურდება

გამოქვეყნდა:

ანატოლი გიგაურის სისხლის სამართლის საქმეზე, "შაბათის მთავრმა" საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, ვახტანგ გაბუნიას გამოკითხვის ოქმი მოიპოვა, სადაც ის წერს, რომ 25 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, აქციის ერთ-ერთი მონაწილე თავს დაესხა.

"აქციის მსვლელობის დროს მოქალაქეთა უსაფრთხოდ გადადგილების მიზნით სრულად გადაიკეტა საავტომობილო მოძრაობა. იქნებოდა დაახლოებით 22:30- საათი შევნიშნე, რომ ხალხის მასა ოპერის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის შენობას უახლოვდებოდნენ, რის გამოც დახმარებისთვის ჩვენთან მოვიდნენ იქვე მყოფი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები კერძოდ ირაკლი კობახიძე და უჩა გაჩეჩილაძე. მას შემდეგ,რაც ადგილზე მოვიდა ზემოთ ხსენებული ხალხის მასა, რომელსაც წინ მოუძღოდა პოლიტიკოსი გიორგი ვაშაძე, ისინი ცდილობდნენ ფიზიკურად გაერღვიათ ჩვენი კორდონი რისი უფლებაც ჩვენ შეძლებისდაგვარად არ მივეცით. სწორედ ამ დროს მომიახლოვდა ერთ-ერთი მამაკაცი და მარცხენა ფეხის წვივის არეში ჩამარტყა ფეხი, რა დროსაც განვიცადე ტკივილი, ხსენებული მამაკაცი გამოირჩეოდა აგრესიით, ის მალევე მომიახლოვდა განმეორებით და მარჯვენა ხელი ჩამარტყა მარცხენა მხარეს, კერძოდ ყურის,ლოყისა და კისრის არეში, რა დროსაც მისი დარტყმით მე განიცადე ძლიერი ტკივილი, ამავდროულად ხსენებული პირი ფიზიკურად მექაჩებოდა სამსახურებრივ ქურთუკზე, რის გამოც დამიზიანა ქურთუკის მარცხენა და მარჯვენა სამკლაური, მას შემდეგ რაც ხსენებულმა პირმა დამარტყა შევეცადე მის დაკავებას, თუმცაღა ის დამისხლტა და გაიქცა."

თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო სამსახურის ყოფილ თანამშრომელს და აგვისტოს ომის მონაწილეს სასამართლოს წინაშე  სამშობლოს სიყვარულის მტკიცება არაერთხელ მოუწია. 

ანატოლი გიგაურის საქმეში ბრალდების მხარეს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ვიდეომტკიცებულება უდევს, სწორედ ამ კადრებით ამტკიცებს ივანიშვილის პროკურატურა რომ ვეტერანი პოლიციელზე ძალადობს.  სისხლის სამართლის საქმეში  მოწმეები მხოლოდ მისი დამკავებელი პოლიციელები არიან. 

"შაბათის მთავარის" მიერ მოპოვებული კადრების გაშიფვრის შემდეგ დგინდება, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გიგაურის პირველი არტყამს შემდეგ კი ბრალდებული თავდაცვას ცდილობს.

ანატოლი გიგაურიც ამტკიცებს, რომ  მას ფიზიკურად თავდაპირველად სწორედ პატრულ-ინსპექტორი გაუსწორდა და მისი მხრიდან ხელის მოქნევა აუცილებელი მოგერიება იყო.  

"2024 წლის 24 ნოემბერს დილიდან ვიმყოფებოდი სამსახურში მორიგე ჯგუფში, საღამო ხანს ჩემს მიერ სოციალურ ქსელ „facebook”-ის ტელეკომპანია იმედის გვერდზე ნანახი იქნა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ასახული იყო ამა წლის 24 ნოემბერს ქ. თბილისში საპროტესტო აქციის დროს, აქციის ერთ-ერთი მონაწილის მხრიდან საპატრულო პოლიციის თანამშრომელზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტი. კითხვაზე მოგახსენებთ, რომ ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით ჩემს მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად მამაკაცი რომელმაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელზე განახორციელა თავდასხმა, არის 1980 წლის 23 მაის დაბადებული ანატოლი ნუგზარის ძე გიგაური, რომლის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი არის უცნობი. სხვა ამ ეტაპზე დასამატებელი არ მაქვს არაფერი." - წერს ოქმში ერთ-ერთი ოქროს მოწმე პოლიციელი ზურაბ ბერუაშვილი.

 სისხლის სამართლის საქმეს ივანიშვილის პროკურატურის მტკიცებით, ერთადერთი დაზარალებული პოლიციელი ჰყავს- თუმცა რა სახის დაზიანება მიიღო პატრულ-ინსპექტორმა ვახტანგ გაბუნიამ უცნობია. არაერთი სასამართლო პროცესის მიუხედავად, ჯერ-ჯერობით დაზარალებული პოლიციელი სასამართლო დარბაზში მოსამართლეს არ დაუბარებია. 

ანატოლი გიგაური ადვოკატის განმარტებით, ისინი ბრალდებულის მხრიდან ხელის მოქნევას არ უარყოფენ, თუმცა, ამას წინაპირობა ჰქონდა. ცუცქირიძის თქმით, გიგაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

 გიგაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 გიგაურის სასამართლო პროცესი  13 თებერვალს, 15:00 საათზე ჩატარდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი