სუროგაციის ცენტრები და ე.წ. კვერცხუჯრედის ფერმები საქართველოში | საერთაშორისო ტრეფიკინგის სავარაუდო ქსელი

გამოქვეყნდა:

გლდანში, ვლადიმერ ჯანჯღავას  ქუჩაზე მდებარე სასტუმროში ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეებს ყოველდღიურად ნახავთ. ორსართულიან სახლში   ახლა 40-მდე ტაილანდელი ქალი  ცხოვრობს,  სუროგატ დედებს შენობა სრულად აქვთ ათვისებული. ნაქირავებ სასტუმროში  შესვლა მკაცრად კონტროლდება, ყველა  ქალი, ვისაც  სურს რომ სუროგატი დედა გახდეს პირბადითაა და ცდილობს კამერასთან  სახე დამალოს.

სუროგატი დედები  გლდანში,  იმ სახლში ცხოვრობენ, საიდანაც 30 იანვარს, ქართველმა სამართალდამცავებმა ტაილანდის  პოლიციისა და ინტერპოლის დახმარებით, სამი ტაილანდელი ქალი გამოიყვანეს  და სამშობლოში დააბრუნეს. საქმეზე კი  გამოძიება  ადამიანით ვაჭრობის მუხლით დაიწყო. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ტაილანდის მოქალაქეებს საქართველოში  კვერცხუჯრედს  იძულებით აბარებინებდნენ, მათივე ცნობით  100-მდე ქალი ამ წუთებშიც ტრეფიკინგის მსხვერპლია და ტანჯვას განიცდის.  "შაბათის მთავართან"  სუროგატი დედები ამტკიცებენ რომ ეს მათი ნებით  ხდება  და არა იძულებით.

 29 წლის ქალმა მთავარ არხს ინტერვიუ ტაილანდში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე მისცა,  მის სახელს და გვარს მისივე თხოვნით არ ვასაჯაროებთ. ტაილანდის მოქალაქე გვიყვება რომ  სუროგაციის პროგრამის  შესახებ  სხვა ტაილანდელი ქალებისგან შეიტყო და საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა. ქალი გვიმტკიცებს, რომ არც მისთვის  და არც ამ სახლში მცხოვრები სხვა ქალებისთვის კვერცხუჯრედების  ჩაბარება არავის  დაუძალებია.

ქალი შაბათის მთავართან  ყვება რომ  მისმა ოჯახმა, რომელიც ტაილანდში ცხოვრობს,   ამ გადაწყვეტილების შესახებ  არაფერი იცის, კონფიდენციალურობის დაცვა ამიტომ გვთხოვა. ტაილანდის მოქალაქემ  საქართველო დღეს გამთენიას დატოვა, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის  გამო  დაორსულება  ვერ შეძლო, ამიტომ იძულებული  გახდა უკან დასაბრუნებელი ბილეთი ეყიდა და  ტაილანდში დაბრუნებულიყო, სადაც 6 წლის შვილი და ოჯახი  ელოდება.

სუროგატები  ხელშეკრულებას  ჩინურ კომპანიასთან "ბეიბიქამ მედიქალ გრუფთან" აფორმებენ, რომლის თანახმად,  ქალებს ყოველთვიურად 10 ათასიდან 20 ათასამდე ბატს  უხდიან, რაც საშუალოდ 500 დოლარია. ბავშვის დაბადების შემდეგ კი 350 000 ბატს  აძლევენ,  რაც დაახლოებით 11 ათასი დოლარია.  ამ დეტალების შესახებ "მთავარ არხს" კომპანიის წარმომადგენელი უყვება,  რომელიც  ნაქირავებ სასტუმროში სუროგატ დედებთან ერთად ცხოვრობს. მისი თქმით, უშვილო წყვილები, რომლებიც კომპანიას მიმართავენ, ძირითადად ჩინეთიდან არიან.

ჩინეთის მოქალაქეებს  გლდანში მდებარე ამ სასტუმროს გარდა კიდევ ერთი  შენობა აქვთ ნაქირავები.  ეს ოთხსართულიანი  სახლი  ავლაბარში მდებარეობს და  დაახლოებით  25 ქალი ცხოვრობს.  

საქართველოში  მოტყუებით ჩამოყვანილ ტაილანდელ ქალებზე ინფორმაცია 3 თებერვალს, ტაილანდურმა მედიამ გაავრცელა. ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, რაც საქართველოდან სამმა ქალმა სამშობლოში დაბრუნება შეძლო. ისინი ყვებიან, რომ საქართველოში  100-მდე ტაილანდელი ქალი ე.წ. კვერცხუჯრედების ფერმაში ჰყავთ დატყვევებული.  ამ ამბის მძიმე დეტალები ერთ-ერთმა გადარჩენილმა ქალმა ტაილანდურ არასამთავრობო ორგანიზაციას უამბო. უკანონო ტყვეობიდან შინ დაბრუნებული ქალი ამტკიცებს,  რომ საქართველოში არსებულ არალეგალურ  ქსელს ჩინური კრიმინალური  დაჯგუფება  მართავს.
 

მთავარი შაბათს | 08.02.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი