"არც ერთ საქმეში არ არის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს ნარკოტიკების მოხმარებას" | არასამთავრობოები ნარკოტიკების ჩადების სავარაუდო სქემაზე და პროცესში ჩართულ პირთა სია

გამოქვეყნდა:

ნარკოტიკების ჩადება, როგორც სადამსჯელო მექანიზმი აქციების მონაწილეების წინააღმდეგ. არასამთავრობო სექტორი რეჟიმის საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული სამი პირის - გიორგი ახობაძის, ნიკა კაციასა და ანტონ ჩეჩინის სისხლის სამართლის საქმეების საერთო მახასიათებლებზე საუბრობს.

როგორც ირკვევა, აქციების სამივე მონაწილის წინააღმდეგ გამოძიებები ე.წ. კონფიდენციალური წყაროს საფუძველზე დაიწყო, რომლის "სანდოობასაც" მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები ადასტურებს. 

სამივე პირის პირადი, საცხოვრებელი და მანქანების ჩხრეკა ჩატარდა არა სასამართლოს ნებართვით, არამედ გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე.  მესამე სექტორი ვარაუდობს, რომ პოლიციამ წინასწარ იცოდა, რომ სასამართლო ამ კუთხით პრობლემას არ შეუქმნიდა. 

გარდა ამისა, ყველა დასახელებული პირის ჩხრეკა ჩატარდა ნეიტრალური მოწმის თანდასწრებისა და ვიდეოჩანაწერების გაკეთების გარეშე, ხოლო სასამართლოს კონტროლი იყო ფორმალური.

"არც ერთ საქმეში არ არის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს ბრალდებულების მიერ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტს" - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. რაც შეეხება წინასწარი პატიმრობის გამოყენებას, მესამე სექტორის შეფასებით, არც ერთ შემთხვევაში არ იყო ჯეროვნად დასაბუთებული პროკურატურის მოთხოვნა.

შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნით, სამივე საქმეზე იკვეთება პოლიტიკური მოტივაცია და დარღვეულია როგორც საერთაშორისო სტანდარტები, ისე შიდა კანონმდებლობა. 

მესამე სექტორის წარმომადგენლები ასაჯაროებენ იმ პირთა სიას, რომლებიც ჩართულნი არიან სამოქალაქო აქტივისტებისთვის ყალბი ბრალდების შეკერვაში.

პროკურორები: შმაგი გობეჯიშვილი, ნუგზარ ჭიტაძე.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები: ლევან ტაბიძე, ალექსი კობერიძე, რევაზ ზირაქაშვილი, გიორგი ხარგელია, გიორგი გურეშიძე, გიორგი ლობჟანიძე, გრიგოლ კაჭკაჭიშვილი, პაატა მჭედლიშვილი, ლაშა თავაძე, ემილ კუპრავა, მირზა ჯაფარიძე, ლაშა ხარხელაური, გიორგი როსოფიძე, არჩილ ნაცვლიშვილი, ედგარ ოგანესიანი, გიორგი ჩიკვაიძე, ზურაბ რუსიშვილი.
მოსამართლეები: არსენ კალატოზიშვილი, სპარტაკ პავლიაშვილი, ლელა მარიდაშვილი, ირაკლი ხუსკივაძე, თამარ მჭედლიშვილი, მზია გარშაულიშვილი, ანა შამათავა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი