შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დმანისისა და მარნეულის რაიონულ სამმართველოებში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების დაზიანების ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს.
მათივე განცხადებით, მარნეულსა და დმანისში დაუდგენელმა პირებმა შპს "ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის" კუთვნილი კაბელები გადაჭრეს. ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია და ინტერნეტის მიწოდება შეუფერხებლად ხდება.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 29 სექტემბერს, ღამის საათებში, შპს "ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის" კუთვნილ, დმანისში სოფელ ოროზმანის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ კაბელების მანიშნებელ ბოძთან, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა/პირმა მიწა ამოიღო და მიწის სიღრმეში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის კაბელები დააზიანა, გადაჭრა კომპანიის კუთვნილი, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე, შავი ზღვიდან შემომავალი, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, ფოთი-თბილისი-ბოლნისი-დმანისი-სომხეთის მიმართულებით გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები. აღნიშნულის შესახებ პოლიციას 2020 წლის 30 სექტემბერს, დაზიანებიდან, დაახლოებით, 3 საათში კომპანიის წარმომადგენელმა აცნობა, - წერია უწყების განცხადებაში.
ფაქტზე დმანისის რაიონულ სამმართველოში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
მარნეულის რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 28 სექტემბერს კომპანია “სილქნეტში“ შევიდა შეტყობინება სოფელ სადახლოში “სილქნეტის” ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანების შესახებ. ადგილზე მისულმა კომპანიის წარმომადგენლებმა ნახეს, რომ გადაჭრილი იყო წყლის არხზე გადამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი. აღნიშნული კაბელით ხდება ინტერნეტით ადგილობრივი მოსახლეობის უზრუნველყოფა და იგი, ასევე, უკავშირდება სომხეთის რესპუბლიკას, - წერია უწყების განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ინტენსიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები დანაშაულში მონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით.