"დღეს იყო სამხარაულის დასკვნა, რომელმაც ვერ იცნო ჩემი და ივანიშვილის ხმა ჩანაწერში" | ბაჩიაშვილი

გამოქვეყნდა:

"დღეს იყო სამხარაულის დასკვნა, რომელმაც ვერ იცნო ჩემი და ივანიშვილის ხმა საუბარში. ამით ყველაფერი ცხადია, უნდათ წარმოაჩინონ, რომ თითქოს ეს ჩანაწერი იყო მონტაჟი და ვერც კი ამოიცნეს მასში ჩემი და ივანიშვილის ხმა. სასამართლო ძალიან მალე მოისმენს ამ აუდიოჩანაწერს და მე მგონი, არანაირი ექსპერტი არ იქნება იქ საჭირო, რომ დადგინდეს ვინ არიან იქ მოსაუბრეები. 

ჩვენ ეს ჩანაწერი გადაგზავნილი გვაქვს გერმანიაში. იყო ჩამოსული გერმანელი სპეციალისტი, იკვლევენ ამ ჩანაწერს და ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე გვექნება უკვე პასუხი რეალური საექსპერტო ბიუროსგან და არა ივანიშვილის კანტორისგან. 

ჩანაწერის შინაარსია ჩემი და ბიძინა ივანიშვილის 10-წუთიანი სატელეფონო საუბარი, სადაც ცხადია, საუბარი მიდის სასესხო ურთიერთობაზე, როდესაც მე ვთხოვ ივანიშვილს , რომ დახმარება გამიწიოს ქართუ ბანკში სესხის მიღებაში. არანაირ ინვესტიციაზე აქ საუბარი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, შესაბამისად, ეს ჩანაწერი აქარწყლებს ყველანაირ ბრალდებას, თუმცა შემდგომ უკვე ივანიშვილმა, როდესაც გაეცნო ამ ჩანაწერს, მეორე ჩვენება მისცა, სადაც აცხადებს, რომ კი, ეს ჩანაწერი პრინციპში სწორია და  ასე ვისაუბრეთო, შეიძლება რაღაც მანიპულაციას ჰქონდეს ადგილიო, თუმცა არ უარყოფს ამ ჩანაწერის შინაარსს და ამბობს რომ ჩანაწერში ასახულია პრეისტორია. ანუ, ივანიშვილი ამბობს, რომ კი, სესხზე მოვილაპარაკეთ, ვეხმარებოდიო, თუმცა მერე გადავიფიქრე ამ სესხის მიცემაო, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ბაჩიაშვილი მოვიდა და შემომთავაზა მე გავმხდარიყავი ინვესტორიო. ანუ, პირველ ჩვენებაში რასაც ამბობს, მეორე ჩვენებაში ახალ ისტორიას იგონებს."

განაცხადა თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა დღევანდელი სასამართლო სხდომის შემდეგ.

ბაჩიაშვილს ივანიშვილი დიდი რაოდენობით ბიტკოინების მითვისებასა და ფულის გათეთრებაში სდებს ბრალს. ოლიგარქი ამ საქმეზე მისივე პროკურატურამ "დაზარალებულად" ცნო. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი