თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ორი აქტივისტის პროცესი გაიმართა, რომლებსაც რეჟიმი თსუ-სთან გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. როგორც აღმოჩნდა, ფოტო, რომელიც შსს-ს საქმეში მთავარ მტკიცებულებად უდევს თავად ერთ-ერთი ამ აქტივისტის ტელეფონითაა გადაღებული. შსს ამტკიცებს, რომ ეს ფოტო 19 ნოემბრისაა, მაშინ, როცა აქციის მონაწილემ ის წინა დღეს, 18-ში გადაიღო და ამავე დღეს განათავსა პირად გვერდზე.
"ეს ფოტოსურათი არის პირადი ტელეფონით გადაღებული ფოტო, რომელიც ჩემივე ფეისბუქ გვერდზეა განთავსებული. შსს-ს აქვს მეორე ფოტო მოტანილი, რომელიც ასევე მე მიდევს ფეისბუქზე . ეს ფოტო გადავიღე 18 ნოემბერს და პოლიცა გვედავება, რომ ის გადაღებულია 19 ნოემბერს, რომელიც 18-ში უკვე ფეისბუქზე მიდევს" ამბობს აქტივისტი "ფორმულასთან".
როგორც პროცესზე გაირკვა, ამავე საქმეზე შსს-ს ვიდეომტკიცებულებაც ჰქონდა, რომელშიც უწყების იურისტის მტკიცებით ჩანდა, როგორ კეტავენ გზას სხვადასხვა საშუალებებით აქტივისტები, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ვიდეო მათ წაეშალათ.
თავად შსს-ს იურისტი ამ საქმეზე ბევრს ვერაფერს ამბობს და ჟურნალისტს "მხარეებთან", ანუ აქტივისტებთან ამისამართებს.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ სასამართლო სხდომა გადადო.