ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლე მასზე განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობს. დავით ჯუღელი ამბობს, რომ 10 წლის წინ, როცა საქმეს განიხილავდა, მისგან ხელისუფლება მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვდა.
ჯუღელის თქმით, თუ ის პოლიტიკურ დაკვეთას შეასრულებდა, 10 წლიანი სამოსამართლეო ვადის ამოწურვის შემდეგ, უვადო მოსამართლედ დანიშნავდნენ:
"არამხოლოდ მუქარა, თხოვნა, მოსყიდვის მცდელობა, დაშინება. ბავშვის გატაცების მცდელობაც კი. მუქარის წერილები მეუღლის მიმართ - პროკურატურის მხრიდანაც და იმ ცნობილი ოდიოზური ფიგურის, ფარცხალაძის მხრიდანაც. ყოფილი გენერალური პროკურორის მხრიდან, მოქმედი გენპროკურორის მხრიდან, იმ პერიოდში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან. ბევრი მხარე იყო ჩართული ამ მოლაპარაკებებში, მცდელობებში, რომ გადაწყვეტილება ყოფილიყო ისეთი, როგორიც სურდა პროკურატურას"- განუცხადა დავით ჯუღელმა "ტვ პირველს".
შეგახსენებთ, "კაბელების საქმეზე" სტრასბურგის სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა.
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები 2014 წლის ოქტომბერში, ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი 2016 წლის 16 მაისს გამოიტანა და სამინისტროს ხუთ თანამშრომელს შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძესა და გიორგი ლობჟანიძეს პროკურატურა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვას ედავებოდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ 2013 წელს გამოცხადებულ საიდუმლო ტენდერში, რომელშიც უპირატესობა კომპანია „სილქნეტს“ მიენიჭა.
ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები მე-4 პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს შეიწყალა.