საბერძნეთში, მელისიაში, დააკავეს ქართველი ქალი, რომელიც ქურდობაშია ბრალდებული. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 39 წლის ქალს იმ ბინის გაქურდვას ედავებიან, რომელშიც ის დამხმარედ მუშაობდა. გამოძიების თანახმად მან წყვილის სახლიდან 8000 ევროს ღირებულების სამკაულები და ვერცხლის ჭურჭელი გაიტანა.
მედიის ინფორმაციითვე, აღნიშნული ქალი 2020 წელსაც დააკავეს. ათენის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის როგორც ბანდის წევრი, მასობრივ ქურდობებში მონაწილეობდა და ფულსა და ძვირფასეულობას იპარავდა იმ სახლებიდან, რომლებშიც მუშაობდა.
ამის შემდეგ ის ციხიდან გარკვეული პირობებით გაათავისუფლეს და ქვეყანა დატოვა. თუმცა, 2025 წლის 24 იანვარს საბერძნეთში, უნგრეთის გავლით შეცვლილი სახელითა და გვარით შევიდა.
დანაშაულში თანამონაწილეობისთვის დააკავეს ქალის ქმარიც. საქმეზე გამოძიება გრძელდება - "ქართველი კრიმინალური წყვილის საკუთრებაში აღმოჩნდა და ჩამოართვეს ძვირადღირებული საათები, მათ შორის ROLEX და BVLGARI"- წერს ბერძნული მედია სტატიაში სათაურით- "ქართველი დამხმარე ძვირადღირებული მოპარული ROLEX-ით" .