ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელის დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დაუშვა - ინფორმაციას ამაღლობელის ინტერესების დამცველი, ნონა ქურდოვანიძე ავრცელებს:
"მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო.
ესაა სასამართლოს მორიგი უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. არ არსებობს არავითარი საფუძველი, რაც მის პატიმრობას გაამართლებს.
ამ გადაწყვეტილებებით ქართული მართლმსაჯულება საკუთარი უკანონობის ისტორიას წერს.
სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ." წერს "საიას" თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ადვოკატები მოითხოვდნენ, სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა და ის წინასწარი პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა. შუამდგომლობა ადვოკატმა სასამართლოში გუშინ, 13 თებერვალს შეიტანა.
ნონა ქურდოვანიძე მიუთითებს იმ "საფუძვლებზეც", რომლითაც პროკურატურამ და სასამართლომ იხელმძღვანელეს და ჟურნალისტი პატიმრობაში გაუშვეს:
"მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა პროკურატურამ და სასამართლომ 2 ე.წ. საფუძველს დააყრდნო:
1. მზია მოწმეებზე გავლენას მოახდენდა;
2. მზიამ სილის გაწვნამდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა და კიდევ შეიძლება იგივე გაემეორებინა.
ამ ეტაპზე გამოძიებამ უკვე გამოკითხვა ყველა ის პირი, ვისი გამოკითხვაც უნდოდა - 4 პოლიციელი. პოლიციელებზე გავლენის მოხდენა მზიას თეორიულადაც კი არ შეეძლო, თუმცა, თუ დავუშვებდით, რომ შეეძლო, ეს ე.წ. საფრთხეც აღარ არსებობს, ყველა უკვე დაკითხულია.
რაც შეეხება მეორე არგუმენტს - მზიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, ამაზე ოქმიც კი არ არის ამ დრომდე შედგენილი. არსებობს მხოლოდ ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რომელიც თან გაყალბებული მონაცემების შემცველია.
ამ ყველაფრის მიუხედავად, მოსამართლემ დღეს შუამდგომლობა არ დაუშვა განსახილველადაც კი და მზია პატიმრობაში დატოვა." წერს ქურდოვანიძე.