"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ, ივანიშვილის სასამართლო დავა შეისწავლა. ორგანიზაცია დასკვნას აქვეყნებს, სადაც დეტალურადაა მიმოხილული ბრალდების, ბრალდებულისა და დაცვის მხარის პოზიციები, საქმეში არსებული და არარსებული დოკუმენტური და სხვა მტკიცებულებები:
დასკვნის სახით კი ორგანიზაცია წერს:
"გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება მოკლებულია, როგორც იურიდიულ, ისე ფაქტობრივ საფუძვლებს. ყოველ შემთხვევაში, საქმეში არ არსებობს აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც საშუალებას მისცემდა ნებისმიერ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ტრიბუნალს ბაჩიაშვილი დამნაშავედ ეცნო."
აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესი დღეს გაიმართა. ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა დასრულდა. შემდეგ სხდომაზე კი უკვე დაცვის მხარის მოწმეებს გამოიძახებენ.
გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის - დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში იმყოფებოდა, და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის - უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენაში.
გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, პირველ ბრალდებასთან დაკავშირებით მას სასჯელის სახით ემუქრება თავისუფლების აღკვეთა ვადით 7-დან 12 წლამდე, ხოლო, მეორესთან დაკავშირებით - თავისუფლების აღკვეთა ვადით 9-დან 12 წლამდე.