მოწმე პოლიციელი სასამართლო პროცესზე საბა სხვიტარიძეს უმტკიცებს, რომ სასწრაფო და ადვოკატი რომ "ეხსენებინა", "აუცილებლად დარეკავდა" - თბილისის საქალაქო სასამართლოში რეჟიმის პატიმრის, საპოლიციო ძალების მიერ, პოლიციის განყოფილებაში სასტიკად ნაცემი და ნაწამები სხვიტარიძის მორიგი პროცესი მიმდინარეობს, სადაც ჩვენება მისმა დამკავებელმა პოლიციის გამომძიებელმა, თევდორე გიორგაშვილ მისცა.
პოლიციელის თქმით, განყოფილებაში მიყვანილ სხვიტარიძეს "უმნიშვნელო დაზიანებები" აღენიშნებოდა.
მას სხვიტარიძემ კითხვები დაუსვა:
"თქვენ ამბობდით, რომ მაისური ამაწევინეთ და დაზიანებებს აღწერდით. რომ ვარწყიე არ გახსოვთ?", - მიმართა სხვიტარიძემ გამომძიებელს, რასაც მან მან უარყოფითი პასუხი გასცა.
"სასწრაფოს, ადვოკატს რატომ არ დაურეკეთ?", - ჰკითხა ბრალდებულმა გამომძიებელს.
"ჩემთან რომ გეხსენებინათ, აუცილებლად დავურეკავდი. ადვოკატიც არ გიხსენებიათ", - უპასუხა გამომძიებელმა .
"ის 2 ნიღბიანი რომ დაუძახეთ ვინ იყვნენ?" - ჰკითხა სხვიტარიძემ პოლიციელს, რომელმაც ნიღბიანების განყოფილებაში ყოფნა უარყო - "წეღან განვმარტე, რომ ნიღბიანი მერვე სართულზე არავინ არ ყოფილათქო...ნორმალურად მელაპარაკეთ...თქვენ გაქვთ მე მგონი, მეხსიერებასთან პრობლემა" - მიმართა მოწმე პოლიციელმა სხვიტარიძეს, რომელმაც მიუთითა, რომ "მეხსიერებასთან პრობლემები ჰქონია".
პოლიციელის თქმით, განყოფილებაში მიყვანილ სხვიტარიძეს "უმნიშვნელო დაზიანებები" აღენიშნებოდა.
საბა სხვიტარიძეს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ბრალდების მტკიცებით, იგი 2024 წლის 4 დეკემბერს, საღამოს საათებში, თბილისში, სასტუმრო „მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თავს დაესხა პოლიციელს - მირიან ქავთარაძეს და თავში ორჯერ ჩაარტყა ხელკეტის მსგავსი საგანი, რითაც ჩაიდინა „სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა“. აღნიშნული დანაშაულისთვის გათვალისწინებულია სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა ვადით 7-დან 11 წლამდე.
სინამდვილეში კი, სასტუმროსთან ნიღბიანი და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირები, გინებით და მუშტებით დაესხნენ თავს ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ შორის ქალებს, რა დროსაც სხვიტარიძემ მისი თანმხლები პირების დაცვა და აგრესიის მოგერიება სცადა.