ოლიგარქის სასამართლომ "ტვ პირველის" ოპერატორი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება სანქცირებულმა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ოპერატორს პოლიციელის დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.
"ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ. გავასაჩივრებ. ამ პოლიციელებს კიდევ ვატარებ. მოსამართლეს გამოვააშკარავებ და ვანახებ ყველას, რომ ეს ადამიანები ცრუობენ. მოვა მათი პასუხისმგებლობის დროც.
რაც შეეხება მოწმე პოლიციელებს, მეორე რომელიც შემოვიდა, ჩემი დამკავებელი კი არა, საერთოდ იქ არც ყოფილა. ის ადამიანი მე რუსთაველზე დავინახე, სამოქალაქო ფორმით დადიოდა რუსთაველის გამზირზე. მანქანაში პირველი მოწმე, კი ბატონო. თვალები დასამახსოვრებელი აქვს და მეჯდა გვერდით....
დარწმუნებული ვარ, მე რომ ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობა არ მქონოდა და სამოქალაქო აქტივისტი ვყოფილიყავი, გადამაყლაპებდნენ იმ პლაკატს. სპეციალურად დავიწყე კივილი თავიდანვე იმის, რომ "ტვ პირველის" ოპერატორი ვიყავი. ამის მერე დაიბნენ ეს ადამიანები.
პოლიციელებმა მითხრეს, რომ სთორზე მოგისწრია დადებაო. ანუ, პოლიციელებს ნანახი ჰქონდათ ჩემი სთორი, ბოლომდე გადამაკონტროლეს. დამიკონკრეტეს, რომ ადვილი ამოსაცნობი ხარ და სხვა დროსაც ადვილად ამოგიცნობთ ამითო. დროშაზეა საუბარი. მე ვუთხარი, აწი ვეცდები, როგორც კალაძემ თქვა, სწრაფ-სწრაფად გამოვიცვალო, რომ მერე ვერ მიცნონ, იქ რომ გავივლი. ამის შემდეგ ისევ მივალ აქციაზე. ოღონდ მანქანამდე ლაივით უნდა ვიარო" - განუცხადა ჯიოშვილმა "ტვ პირველს" სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.
ლაშა ჯიოშვილი ელბაქიძის ქუჩიდან ძალის გამოყენებით იმ დროს გაიტაცეს, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. არსებობს ვარაუდი, რომ პოლიცია ოპერატორისთვის ნარკოტიკების ჩადებას ცდილობდა, რადგან ვიდეოში ლაშა ჯიოშვილი ამბობს, რომ "ჯიბეში რაღაც ჩაუდეს".